იუს­უფ იდ­რი­სი – ეგვიპტელი ჯოკონ­და

yusuf-idris

არაბულიდან თარგმნა დარეჯან გარდავაძემ

ეს ჩე­მი პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა რო­დია, ალ­ბათ მე­სა­მე ან მე­ოთხე იქ­ნე­ბა და ყო­ველ ჯერ­ზე, რო­ცა კი მო­ვინ­დო­მებ ამ­ის და­წე­რას, ვგრძნობ, რომ ენა, რო­მელ­საც ვი­ყე­ნებ, ბევ­რად უხ­ე­ში, მო­უქ­ნე­ლი და მშრა­ლია სა­ი­მი­სოდ, რომ ამ­ის გად­მო­ცე­მა შეძ­ლოს. ის­ე­თი გრძნო­ბა მაქვს, რომ ჩვე­ნი ენა, რო­მელ­ზეც ვსა­უბ­რობთ და ვწერთ, შექ­მ­ნი­ლია დიდ­თა ამ­ბავ­თა და დიდ­თა გრძნო­ბა­თა აღ­სა­წე­რად, იმ კლდი­სა არ იყ­ოს, რო­მე­ლიც და­ქუც­მა­ცე­ბუ­ლიც კი სრუ­ლი­ად ხელ­შე­სა­ხე­ბი ღორ­ღი და ქვი­შაა, მე კი რი­სი აღ­წე­რაც მსურს, მუ­სი­კა­სა­ვით ნა­ზია და ფქვი­ლი­ვით წმინ­და, თით­ქოს ბნელ ოთ­ახ­ში სი­ნათ­ლის სხივს შე­მო­ყო­ლი­ლი მტვრის ნამ­ცე­ცია… არა, იგი ვი­ო­ლი­ნოს ხმას ან ფლე­ი­ტის კვნე­სას კი არა ჰგავს, უფ­რო იმ მე­ლო­დი­ის მაგ­ვა­რია, რომ­ლის მოს­მე­ნაც მხო­ლოდ მა­შინ შე­გიძ­ლია, თუ ხმა­უ­რი შეწყ­დე­ბა მთელ დუ­ნი­ა­ზე და სრუ­ლი­ად მი­ჩუმ­დე­ბა მთე­ლი სამ­ყა­რო, შემ­დეგ სუ­ლი და­გეწ­მინ­დე­ბა ყვე­ლა ამქ­ვეყ­ნი­უ­რი სა­წუ­ხა­რის­გან, წარ­მა­ვა­ლი, მი­წი­ე­რი გრძნო­ბე­ბის­გან და შენ­ში გა­იღ­ვი­ძებს ჭეშ­მა­რი­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბე­ბი გულ­მოწყა­ლე­ბი­სა, სიყ­ვა­რუ­ლი­სა, თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბი­სა და ად­ა­მი­ა­ნო­ბი­სა – უკვ­და­ვი, მა­რა­დი­უ­ლი ცნე­ბე­ბი, რო­მელ­თა ოდ­ეს­მე ხორ­ც­შეს­ხ­მის იმ­ე­დიც ას­ულ­დ­გ­მუ­ლებს კა­ცობ­რი­ო­ბას და მხო­ლოდ მა­შინ, სა­კუ­თა­რი თა­ვის შემ­ზა­დე­ბის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ძა­ლის­ხ­მე­ვის, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ჩა­ფიქ­რე­ბი­სა და დუ­მი­ლის შემ­დეგ აღ­მო­ა­ჩენ – ნაზ, სუსტ მე­ლო­დი­ას შე­უმ­ჩ­ნევ­ლად და­უწყია შენ­ში შე­მოს­ვ­ლა – არა მხო­ლოდ ყურ­თას­მე­ნის გზით, არ­ა­მედ მთე­ლი არ­სო­ბი­დან მთელ შენს არ­სე­ბა­ში. ეს მე­ლო­დია ის­ეთ­ნა­ი­რად აღ­წევს შენ­ში, რომ თა­ვა­დაც ამ­ა­ვე მო­ტი­ვად გაქ­ცევს, თით­ქოს მარ­თ­ლაც შე­ერ­თ­ვი მუ­სი­კას რა­ღაც უზ­ო­მოდ გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე ერ­თო­ბით.

სა­ი­დან უნ­და გა­მაჩ­ნ­დეს ის­ე­თი სიტყ­ვე­ბი, ამ­ის აღ­წე­რას რომ შეძ­ლე­ბენ, მა­შინ, რო­ცა ჩვე­ნი სიტყ­ვე­ბი შექ­მ­ნი­ლია გარ­კ­ვე­უ­ლი, მკა­ფიო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბე­ბის­თ­ვის, ყო­ველ­გ­ვარ ეჭვ­სა და ცდო­მი­ლე­ბას რომ გა­მო­რიცხა­ვენ. სა­ი­დან მო­ვი­ტა­ნო სიტყ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც შეძ­ლე­ბენ იოტ­ი­სო­დე­ნა მღელ­ვა­რე­ბის, სულ მცი­რე­დი კრთო­მის, სუს­ტი, გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი ჩქა­მის აღ­წე­რას, რო­მე­ლიც ლა­მის სმე­ნა­საც გა­მო­ე­პა­როს?

სა­ი­დან უნ­და მქონ­დეს ფე­რე­ბი, რომ­ლი­თაც შე­მეძ­ლე­ბო­და ქრის­ტი­ა­ნი გო­გოს, ჰა­ნუ­ნას კა­ნის ფე­რის აღ­წე­რა! ეს ხომ იმ ფერს ხე­ლე­წი­ფე­ბა, რო­მე­ლიც არც თეთ­რია და არც ხორ­ბ­ლის­ფე­რი, არც ევ­რო­პუ­ლი და არც აღ­მო­სავ­ლუ­რი, არც ჩე­მი ეგ­ვიპ­ტუ­რი და არც ნი­ლო­სის უკ­ი­დუ­რე­სი ჩრდი­ლო­უ­რი; ფერს, რომ­ლის გა­მა­შიც ლაჟ­ვარ­დი ურ­ე­ვია, მაგ­რამ არა მკვდრის სი­ლურ­ჯე, არ­ა­მედ რიჟ­რა­ჟის მტრე­დის­ფე­რი, თე­ნე­ბი­სას რომ იც­ის ხოლ­მე, ან­აც ზღვის ლაჟ­ვარ­დი, რო­ცა იგი დამ­ცხ­რა­ლია და მი­სი ტალ­ღე­ბი თვი­ნი­ე­რად მი­მო­იქ­ცე­ვი­ან ნა­პირ­თან, უბ­რუნ­დე­ბი­ან თა­ვი­ანთ ნავ­სა­ყუ­დელს მშვი­დად, თავ­მოდ­რე­კით, თან გიხ­მო­ბენ, რომ გა­და­ეშ­ვა ზღვა­ში და მი­სი ლაჟ­ვარ­დოვ­ნე­ბა ბო­ლომ­დე შე­ის­რუ­ტო.

რო­გორ და­ვიწყო ეს ამ­ბა­ვი, რო­ცა გო­ნე­ბა­ში მკა­ფიო და­საწყი­სი არა მაქვს და რო­ცა იგი სხვა არ­ა­ფე­რია, თუ არა გა­ნუწყ­ვე­ტე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ად­ა­მი­ა­ნე­ბი­სა ერთ­მა­ნეთ­თან, სა­ერ­თო წარ­მო­შო­ბა, ბავ­შ­ვო­ბა, შემ­დეგ ახ­ალ­გაზ­რ­დო­ბა… მქრქა­ლი ქლი­ა­ვის­ფე­რი შა­ლი და ოთ­ა­ხი, სა­დაც არ­ა­ვინ იყო ჩვენს მე­ტი. წმინ­და პუ­რი, შემ­დეგ ზო­მით პა­ტა­რა სა­ხა­რე­ბა, მრა­ვალ­ფურ­ც­ლი­ა­ნი, და­წე­რი­ლი არ­ა­ბულ ენ­ა­ზე, რო­მელ­საც თა­ვი­სე­ბუ­რი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გე­მო დაჰ­კ­რავ­და.

სიმ­წი­ფის ას­აკ­ში ვი­ყა­ვი. ხა­ნა­ში, რო­ცა გრძნობ, რომ არ­სე­ბობს წუ­თი­სო­ფე­ლი და ეს სი­მარ­თ­ლეა. არ­ის გან­თი­ა­დი, მზე და მთვა­რე, არ­ის შო­რე­უ­ლი, შო­რე­უ­ლი ქვეყ­ნე­ბი ზღვამ­დე, ზღვის გას­წ­ვ­რივ და ზღვის გა­დაღ­მა, ტუმ­ბო­ე­ბი თა­ვი­სი კუპ­რი­ვით შა­ვი, სა­ში­ში ვე­ე­ბერ­თე­ლო­ბით, თა­ვი­სი შე­კა­ვე­ბუ­ლი, დინ­ჯი, გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბუ­ლი ხმით, არ­ის წყა­ლი, იდ­უმ­ლად მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი და შე­მა­ში­ნებ­ლად მდუ­მა­რე ტუმ­ბო­თა პი­რის და­ღე­ბამ­დე, ხო­ლო მქუ­ხა­რე და მრის­ხა­ნე, თავ­და­ვიწყე­ბით გა­მომ­ჩ­ქე­ფა­რე მი­ლი­დან გად­მო­დი­ნე­ბი­სას. არ­ი­ან ყვა­ვე­ბი და ბე­ღუ­რე­ბი, არ­ი­ან მარ­თ­ლ­მორ­წ­მუ­ნე ღვთის­მო­სავ­ნი, არ­ის ყუ­რა­ნი და აიები, რო­მელ­თა ზე­პი­რად დას­წავ­ლაც გმარ­თებს. ის­ი­ნი ყვე­ლა­ნი უც­ხო და მე­ტად ლა­მაზ სა­მოთხე­სა და ჯო­ჯო­ხე­თის ცეცხ­ლ­ზე მოგ­ვითხ­რო­ბენ, რომ­ლის ში­ში­თაც ძრწის შე­ნი სხე­უ­ლი, ჯილ­დო-საზ­ღა­ურ­სა და ტან­ჯ­ვა­ზე, სა­ა­ქა­ო­სა და სა­ი­ქი­ო­ზე. არ­ის აგ­რეთ­ვე – და ეს ხაზ­გას­მუ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია – შე­იხ მუს­ტა­ფას ჯო­ხი. იმ მუს­ტა­ფა­სი, ჩალ­მი­ან თავს სა­ჭი­რო­ზე ხში­რად რომ უკ­რავს ყვე­ლას. გრძელ­კან­ჭე­ბა მუს­ტა­ფა­სი, მუხ­ლე­ბი ას­ან­თის ღე­რე­ბის თა­ვე­ბი­ვით რომ წა­მო­ას­ხ­დე­ბა, რო­ცა გრძელ წვივს წვივ­ზე გა­და­ი­დებს და ფერ­გა­და­სუ­ლი, პი­რაშ­ვე­ბუ­ლი ფეხ­საც­მე­ლი ფეხ­ზე ჩა­მო­ე­კი­დე­ბა. თავს გი­კან­ტუ­რებს და ზედ ჩალ­მა უც­ან­ცა­რებს, თან ამ­ბობს: სმე­ნა იყ­ოს, შვი­ლო ჩე­მო! და კი­დევ არ­ის რა­ღაც, მარ­თ­ლაც არ­ის. რა­ღაც, რა­საც ვერ ვხე­დავთ და ვერ შე­ვიგ­რ­ძ­ნობთ. არა ალ-კად­რის ღა­მე(1), არა სიკ­ვ­დი­ლი, არა ის დი­დი და ძლი­ე­რი სიყ­ვა­რუ­ლი, მა­მა­ჩე­მის მი­მართ რომ გან­ვიც­დი, არ­ა­მედ რა­ღაც სხვა რამ, მი­სი­ვე ნე­ბა-სურ­ვი­ლით ყვე­ლაფ­რის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, რაც თა­ვად არ სურს, რომ გამ­ჟ­ღავ­ნ­დეს. შე­საძ­ლოა იმ­ი­ტო­მაც, რომ ის­ევ ჩვენს გა­მო ფრთხი­ლობს, ვა­ი­თუ მარ­თ­ლაც გუ­ლე­ბი დაგ­ვი­ხეთ­ქოს ელ­დამ, მას­თან პი­რის­პირ დარ­ჩე­ნის შიშ­მა… ეს რა­ღაც სხვაა, არა იფ­რი­თე­ბი(2), რად­გან იფ­რი­თებ­ში, ყვე­ლაფ­რის­და მი­უ­ხე­და­ვად, არ­ის რა­ღაც სა­სა­ცი­ლო, მაგ­რამ ეს კი არ­ას­დ­როს არ არ­ის სი­ცი­ლის მომ­გ­ვ­რე­ლი. იგი მკაც­რია, სე­რი­ო­ზუ­ლი, მზრუნ­ვე­ლი და მწყა­ლო­ბე­ლია.

ვუთხა­რი ჰა­ნუ­ნას ისე, რომ ნამ­დ­ვი­ლად არ მეს­მო­და, რას ვამ­ბობ­დი:

– მსურს შე­ნის­თა­ნა ვი­ყო…

უეჭ­ვე­ლია, გო­გო ჩემ­ზე დი­დი იქ­ნე­ბო­და ერ­თი ან ორი წლით. უფ­რო მა­ღა­ლიც იყო ჩემ­ზე, უფ­რო გამ­ხ­და­რიც, რაც მთა­ვა­რია, ყო­ველ­თ­ვის უფ­რო გო­ნი­ე­რიც და ჭკვი­ა­ნიც. ახ­ლა კი ნამ­დ­ვი­ლად უძ­ლუ­რი ვარ გად­მოვ­ცე – მი­სი სუ­ლი ის შეგ­რ­ძ­ნე­ბა იყო, მის­გან­ვე რომ გე­ფი­ნე­ბო­და სი­ნათ­ლე­სა­ვით, იმ სი­ნათ­ლე­სა­ვით, სა­ი­დან­ღაც რომ მო­ე­დი­ნე­ბა, მაგ­რამ არ იცი, სა­ი­დან და რა გზით. ეს სუ­ლი ემ­ა­ტე­ბო­და და ავ­სებ­და მის სიტყ­ვებს, მის სი­ა­რულს, იმ კა­მა­რას, მი­სი ხე­ლი რომ შეკ­რავ­და ხოლ­მე აქ­ნე­ვა-დაქ­ნე­ვი­სას, ან იმ მა­ნე­რას, რო­ცა წი­ნა კბი­ლე­ბით წმინ­და პუ­რის პა­ტა­რა ლუკ­მას მო­ციც­ქ­ნი­და ხოლ­მე… სიწ­მინ­დის, უც­ოდ­ვე­ლო­ბი­სა და გრა­ცი­ო­ზუ­ლო­ბის უც­ხო იერი გარ­წ­მუ­ნებ­დათ, რომ იგი მი­წი­ერ არ­სე­ბა­თა­გა­ნი რო­დი იყო, თით­ქოს რა­ღაც სხვა ჯი­ში­სა გახ­ლ­დათ, იმ­ათ­თა­გა­ნი, ვი­საც ან­გე­ლო­ზებ­თან გა­უ­ბამს კავ­ში­რი.

არ მახ­სოვს, რა მი­პა­სუ­ხა… ის­იც კი ვერ გა­მიხ­სე­ნე­ბია ზუს­ტად, სა­ერ­თოდ მი­პა­სუ­ხა კი?!.

ან რა მითხ­რა სა­ხა­რე­ბა­ზე, წმინ­და პურ­სა და კი­რი­ე­ლე­ი­სონ­ზე, რო­მე­ლიც, რო­გორც მან მას­წავ­ლა, “ო, უფ­ა­ლო, შე­მიწყა­ლე”-ს ნიშ­ნავს. მე­რე გა­ვი­გო­ნე, ქა­ლა­ქი­დან ჩა­მო­სუ­ლი ღვთის მსა­ხუ­რი რო­გორ იმ­ე­ო­რებ­და ამ სიტყ­ვას მოკ­რ­ძა­ლე­ბულ ქორ­წილ­ზე, რო­ცა ჰა­ნუ­ნა გათხოვ­და რამ­დე­ნი­მე თვის წინ. მი­სი პა­სუ­ხე­ბი­დან და­ვიწყე გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა იმ­ი­სა, რომ თურ­მე ამქ­ვეყ­ნად სხვა ხალ­ხიც ყო­ფი­ლა, ჩვენ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, მე რომ მთე­ლი დუ­ნია მუს­ლი­მი მე­გო­ნა! და რომ ეს სხვა, ჩემ­თ­ვის ახ­ა­ლი რე­ლი­გია სავ­სეა ის­ე­თი რა­მე­ე­ბით, წარ­მო­სახ­ვა­ზე რომ მოქ­მე­დებს და ძლი­ერ ცნო­ბის­წა­დილ­ში გაგ­დებს. კერ­ძოდ კი ის, რომ ქა­ლაქ­ში ეკ­ლე­სია ჰქო­ნი­ათ, რო­გორც ჰა­ნუ­ნას­გან გა­ვი­გე. მას­ში კი მაცხოვ­რის დი­დი სუ­რა­თი ყო­ფი­ლა, სან­თ­ლე­ბი და ელ­ექ­ტ­რო­ჭა­ღე­ბი. გა­ლო­ბა ცოდ­ნი­ათ, მე­ტიც, მთე­ლი მა­თი ლოც­ვე­ბი სულ სა­გა­ლობ­ლე­ბი ყო­ფი­ლა თურ­მე.

უკ­ვე აღ­არ ვი­ცი, ნუ­თუ ჩემს მი­ერ ჰა­ნუ­ნას ფეხ­და­ფეხ დევ­ნის სა­ი­დუმ­ლო, – მა­ში­ნაც კი, რო­ცა ის და­სა­ძი­ნებ­ლად მი­დი­ო­და – მხო­ლოდ უფ­რო მე­ტი მცდე­ლო­ბა იყო ამ რე­ლი­გი­ის შე­სა­ხებ კი­დევ სხვა რა­მე­თა ჩა­საწ­ვ­დო­მად და გა­სა­გე­ბად, თუ უფ­რო იმ გა­მოს­ხი­ვე­ბას და­მორ­ჩი­ლე­ბა და და­ნე­ბე­ბა, და­უბ­რ­კო­ლებ­ლად და მა­რად რომ გა­მო­ე­დი­ნე­ბო­და მის­გან, მის­კენ იზ­ი­დავ­და სუ­ლი­ერს თუ უს­უ­ლოს და ყვე­ლა­ფერს, რა­საც კი ჰა­ნუ­ნა აკ­ე­თებ­და, აქ­ცევ­და ბრწყინ­ვა­ლე, შე­სა­ნიშ­ნავ, ნაზ და ამ­ა­ღელ­ვე­ბელ რა­მედ.

მაგ­რამ ის კი ვი­ცი, მარ­ტო ძლი­ერ მი­ზი­დუ­ლო­ბას რო­დი ვგრძნობ­დი, დრო­დად­რო ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, რომ უბ­რა­ლოდ ვერ ვცილ­დე­ბო­დი, თით­ქოს მი­სი ჩრდი­ლი ვი­ყა­ვი და ეს შეგ­რ­ძ­ნე­ბა მხო­ლოდ მას­თან გან­შო­რე­ბის წა­მებ­ში შე­მიპყ­რობ­და ხოლ­მე.

ვაი, რომ მას­თან ყოფ­ნი­სას სა­კუ­თარ თავს ვე­ღარ აღ­ვიქ­ვამ­დი, ვერც იმ­ას, სა­ერ­თოდ რას ვა­კე­თებ­დი. მთლი­ა­ნად ვდნე­ბო­დი და ვი­კარ­გე­ბო­დი იმ გა­ნუწყ­ვე­ტელ და მარ­დი­ულ შეხ­ვედ­რა­ში მას­თან და სხვა საზ­რუ­ნა­ვი არა მქონ­და რა მი­სი ჭვრე­ტის მე­ტი, იმ­ის თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბის მე­ტი, რა­საც ის იტ­ყო­და ან აკ­ე­თებ­და. იმ დი­დი სას­წა­უ­ლით მო­ნუს­ხუ­ლი­ვით ვი­ყავ, მა­რად­ჟამს რომ ხდე­ბა და რომ­ლის მხილ­ველ­საც არ ტო­ვებს ამ სას­წა­უ­ლის შეგ­რ­ძ­ნე­ბა და არც არ­ა­ფე­რი სურს ამ გაბ­რუ­ე­ბულ-გა­ოგ­ნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მა­რად­ჟამს ყოფ­ნის მე­ტი; ოღ­ონდ არ მი­ა­ტო­ვოს იგი ამ სა­ოც­რე­ბამ, ან თა­ვად არ და­შორ­დეს მას წუ­თი­თაც კი.

მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ სამ­ყა­როს პრობ­ლე­მე­ბი სწო­რედ იქ­ი­დან იღ­ე­ბენ სა­თა­ვეს, რომ ჩენ არ­ას­დ­როს შეგ­ვიძ­ლია ყო­ფი­ე­რე­ბის მოვ­ლე­ნა­თა მოთ­მი­ნე­ბით ატ­ა­ნა, ან­აც მოვ­ლე­ნებ­ზე ძალ­და­უ­ტა­ნე­ბე­ლი, სპონ­ტა­ნუ­რი რე­აქ­ცია და ეს პრობ­ლე­მე­ბიც წარ­მო­ი­შო­ბა, იზრ­დე­ბა, გა­ნი­ტო­ტე­ბა და ყვა­ვის ყო­ველ­თ­ვის მხო­ლოდ ჩვე­ნი­ვე უგ­უ­ნუ­რი ნე­ბა-სურ­ვი­ლით და ჩვე­ნი კა­ნო­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც პე­დან­ტ­მა და სი­ზუს­ტის მოყ­ვა­რულ­მა ძვე­ლებ­მა გა­მო­ი­გო­ნეს. ყო­ველ­თ­ვის ვეჩ­რე­ბით, ან ცუ­დი, ან თუნ­დაც კარ­გი გან­ზ­რახ­ვით, მაგ­რამ მა­ინც ვეჩ­რე­ბით და ამ ჩვე­ნი ჩა­რე­ვით ვცდი­ლობთ თავ­ს­მოხ­ვე­ვას, დათ­რ­გუნ­ვას, გაწყ­ვე­ტა­სა და სწრა­ფად გულ­და­ჯე­რე­ბას, ცხოვ­რე­ბის წეს-ჩვე­უ­ლე­ბა­თა გამ­რუ­დე­ბას.

სა­კითხა­ვია, მაშ რა უშ­ლი­და ხელს, რომ გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლი­ყო ჩვე­ნი ამგ­ვა­რი ურ­თი­ერ­თო­ბა – უბ­რა­ლო, მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი ყვა­ვი­ლი, ამ­ო­სუ­ლი რთულ, ერთ­მა­ნეთს გა­დახ­ლარ­თულ სო­ცი­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა, ად­ა­მი­ა­ნურ ბუ­ნე­ბა­თა და მის­წ­რა­ფე­ბა­თა შიგ შუ­ა­გულ ტყე­ში; ყვა­ვი­ლი, რო­მელ­მაც ამ ყვე­ლაფ­რი­სა არა უწ­ყო­და რა!

და რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და, რომ მე ტუმ­ბო­თა ინ­ჟინ­რის ვა­ჟი ვი­ყავ, ჰა­ნუ­ნას მა­მა კი ოს­ტატ­თა უფ­რო­სი, რომ მე ბი­ჭი ვი­ყა­ვი და ის გო­გო და რომ ხალ­ხის ნა­უ­ბა­რი ჭრე­ლია, თა­ნაც თუ ეს ხალ­ხი იმ და­სახ­ლე­ბა­ში, რო­მელ­შიც ჩვენ ერ­თად ვცხოვ­რობთ, ცო­ტაა. ყვე­ლა მათ­განს საცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბი ირ­ი­გა­ცი­ის სა­მი­ნის­ტ­რომ და­უ­რი­გა ამ შე­მა­ში­ნებ­ლად დი­დი ტუმ­ბო­ე­ბის ნა­გე­ბო­ბას­თან ახ­ლოს. და­სახ­ლე­ბაც, მი­სი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ცა და ტუმ­ბო­ე­ბიც დელ­ტის ჩრდი­ლო­ე­თი­დან ერთ შორ, გა­და­კარ­გულ ად­გი­ლა­საა. პა­ტა­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბა პა­ტა­რა თე­მე­ბის­გან შედ­გე­ბა – მუს­ლი­მე­ბი­სა და ქრის­ტი­ა­ნე­ბის. იმ დროს კი ჩემს თვალ­ში ეს ლა­მის მთე­ლი მსოფ­ლიო იყო. ამ ყვე­ლა­ფერს თან ათ­ა­სი პრობ­ლე­მა ახლ­და, ათ­ა­სი ეკ­ა­ლი მწა­რედ და მტკივ­ნე­უ­ლად ჩხვლეტ­და და ეჩ­ხი­რე­ბო­და ყელ­ში ქვეყ­ნის და­სა­ლი­ერ­ში მყოფ ამ რამ­დე­ნი­მე ათ­ე­ულ ად­ა­მი­ანს.

საქ­მე დე­და­ჩე­მის მი­ერ მა­მა­ჩე­მის­თ­ვის შე­ჩივ­ლე­ბით და­იწყო. მა­მა­ჩე­მი კი დე­და­ჩე­მის მორ­ჩი­ლი მას მე­რეა, რაც ფე­ხი მოს­წყ­და თუ ტუმ­ბო­თა პრო­პე­ლერ­მა ჩა­ით­რია, არ ვი­ცი. უმ­რავ­ლეს შემ­თხ­ვე­ვა­ში ეს ის­ტო­რია არ მო­ი­ყო­ლე­ბა, რა­მე­თუ მას ყო­ველ­თ­ვის მხო­ლოდ მძი­მე და ტკი­ვი­ლი­ა­ნი მო­გო­ნე­ბა ახ­ლავს თან. მას მე­რე, რაც მა­მა­ჩე­მი ცალ­ფე­ხა დარ­ჩა, დე­და­ჩემ­მა სა­მი ფე­ხი, ათი ხე­ლი და ასი ენა გა­მო­ი­ბა.

ამ­რი­გად, გა­მა­ჩე­რა მე ამ კე­თილ­მა კაც­მა – მა­მა­ჩემ­მა ერთ დი­ლას, რო­ცა მე შე­იხ მუს­ტა­ფას დაწყე­ბით სკო­ლა­ში მივ­დი­ო­დი და მი­მახ­ვედ­რა იმგ­ვა­რად, ყო­ველ­გ­ვარ შე­კა­მა­თე­ბას რომ უაზ­როს ხდი­და – სკო­ლის შემ­დეგ პირ­და­პირ შინ უნ­და დავ­ბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი.

ამ კე­თილ­მა კაც­მა არ მო­ინ­დო­მა ჩემ­თ­ვის ტკი­ვი­ლის მო­ყე­ნე­ბა ჰა­ნუ­ნა­სა და ჩე­მი მას­თან გაბ­მუ­ლი ის­ტო­რი­ის ხსე­ნე­ბით. ამ­ჯო­ბი­ნა, და­ნარ­ჩე­ნის მიხ­ვედ­რა ჩემ­თ­ვის მო­ენ­დო. არც მე მსურ­და შე­და­ვე­ბა, თუმც პირ­ვე­ლი­ვე წუ­თი­დან გა­დავ­წყ­ვი­ტე, არ დავ­მორ­ჩი­ლე­ბო­დი ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, მეც­რუა და მა­ინც შევ­ხ­ვედ­რო­დი ჰა­ნუ­ნას. გა­ნა შე­მეძ­ლო, უარი მეთ­ქ­ვა ის­ეთ რა­მე­ზე, რომ­ლის კეთ­ბა ჩემს ნე­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და! მე ხომ მხო­ლოდ თავს აღ­მო­ვა­ჩენ­დი ხოლ­მე ამგ­ვარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ის­ე­ვე, რო­გორც შიმ­ში­ლის, წყურ­ვი­ლის გრძნო­ბა­თა მოკ­ვ­ლი­სას ვმოქ­მე­დებ და­უ­ფიქ­რებ­ლად, გა­უ­აზ­რებ­ლად და ყო­ველ­გ­ვა­რი ალ­ბა­თო­ბის გა­რე­შე ვი­ღებ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას. ჩვენ, ბავ­შ­ვე­ბი და ყმაწ­ვი­ლე­ბი უფ­რო გულ­წ­რ­ფე­ლე­ბი ვიქ­ნე­ბო­დით სა­კუ­თარ თავ­თა­ნაც და ჩვენს სა­სურ­ველ­თა­ნაც, ჩვე­ნი სა­სურ­ვე­ლიც უფ­რო გულ­წ­რ­ფე­ლი იქ­ნე­ბო­და თა­ვად ცხოვ­რე­ბას­თან, მაგ­რამ… საქ­მე იმ­ა­შია, რომ ჩვენ, უმც­რო­სე­ბი, ამქ­ვეყ­ნად ის არ­სე­ბე­ბი ვართ, ვინც ცხოვ­რე­ბა­სა და მის კა­ნო­ნებს რო­დი ემ­ორ­ჩი­ლე­ბი­ან, მხო­ლოდ დი­დე­ბი უმ­ყა­რე­ბენ მათ წეს­რიგს, უდ­გე­ნენ კა­ნო­ნებს და მარ­თა­ვენ. დი­დე­ბი აუც­ი­ლებ­ლად და ყო­ველ­თ­ვის ერ­ე­ვი­ან ჩვენს საქ­მე­ებ­ში და რო­ცა ამ­ას აკ­ე­თე­ბენ, ამ­ით მხო­ლოდ იმ­ას გვა­ი­ძუ­ლე­ბენ, რომ თა­ვი კი არ შე­ვი­კა­ვოთ და უარი ვთქვათ ჩვენს სა­სურ­ველ­ზე, არ­ა­მედ ვით­ვალ­თ­მაქ­ცოთ, ვატყუ­ოთ და გვე­ზა­რე­ბოდ­ნენ ის­ი­ნი, რო­გორც არ გვიყ­ვარს და გვე­ზა­რე­ბა სას­ჯე­ლი.

არ ვი­ცი და­ნამ­დ­ვი­ლე­ბით, იქ­ით ჰა­ნუ­ნას რა­ღა შე­ემ­თხ­ვა, მაგ­რამ ჩვენს ჩვე­ულ ად­გი­ლას, წყალ­ვარ­დ­ნილ­თან, რო­მე­ლიც ღრმა ჭაა, სა­დაც უდ­ი­დე­სი სად­რე­ნა­ჟო არ­ხე­ბი­დან გა­მო­სუ­ლი წყლე­ბი ჩა­ე­დი­ნე­ბა, მე­რე ტუმ­ბო­ე­ბი რომ ქა­ჩა­ვენ ზე­მოთ, ხმელ­თა­შუა ზღვის დო­ნე­ზე, რა­თა ამ წყლე­ბის გაშ­ვე­ბა-დაც­ლა გახ­დეს შე­საძ­ლე­ბე­ლი; დელ­ტა­სა და მის ჩრდი­ლო­ეთ­ში ხომ მი­წის­ქ­ვე­შა წყლე­ბი ზღვის დო­ნე­ზე და­ბა­ლია და ზე­მოთ აქ­აჩ­ვა სჭირ­დე­ბა, რის­თ­ვი­საც მო­ი­გო­ნეს კი­დეც ეს ტუმ­ბო­ე­ბი; მოკ­ლედ, ამ ჩვე­ნი შეხ­ვედ­რის ად­გი­ლას ჰა­ნუ­ნა არ დამ­ხ­ვედ­რია. შე­ვი­ცა­დე. დიდ­ხანს ვუც­ქი­რე, რო­გორ ეც­ე­მო­და წყა­ლი ზე­მო­დან, დიდ წრე­ე­ბად რო­გორ ბრუ­ნავ­და, ქვე­მოთ დაშ­ვე­ბი­სას უფ­რო და უფ­რო რომ პა­ტა­რავ­დე­ბოდ­ნენ და ძაბ­რი­სებრ ღრმუ­ლად მო­რევ­დე­ბოდ­ნენ, რომ­ლის ფსკე­რიც, რო­გორც ამ­ბო­ბენ, კაცს ისე ჩა­ით­რევს და და­ფა­რავს, რომ მი­სი კვა­ლიც აღ­არ­სად გა­მოჩ­ნ­დე­ბა. ჰა­ნუ­ნა მა­ინც არ მო­სუ­ლა. მის სახ­ლ­თან შო­რი­ახ­ლოს შევ­ჩერ­დი და პირ­ვე­ლად ვიგ­რ­ძე­ნი, რომ უფ­რო­სე­ბის მარ­თ­ლაც უხ­ეშ­მა ხელ­მა თა­ვი­სი შა­ვი საქ­მე უკ­ვე ჰქმნა და რომ ის დღე­სას­წა­უ­ლი, ერ­თი მთლი­ა­ნი, ტკბი­ლი და გა­წე­ლილ-გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბუ­ლი, უკ­ვე დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო.

ფან­ჯა­რა­ში ჰა­ნუ­ნა დავ­ლან­დე. მწუხ­რის ჟა­მი დგე­ბო­და. მზე შუ­ად­ღის სა­ში­ნე­ლი, ჯო­ჯო­ხე­თუ­რი ხვა­ტი­დან მხო­ლოდ და მხო­ლოდ ყვი­თე­ლი, ნა­ზი შუ­ქის მა­ნა­თო­ბელ ლამ­პ­რად ქცე­უ­ლი­ყო და ფან­ჯა­რას მის­დ­გო­მო­და. ამ ცოცხა­ლი სიყ­ვით­ლის შა­რა­ვან­დე­დი, ჰა­ნუ­ნას სა­ხეს რომ ევ­ლე­ბო­და, რა­ღაც უც­ხო იერს აძ­ლევ­და მას, რო­მე­ლიც რკი­ნის მუ­ქი შტო­რე­ბის მიღ­მა ისე გა­მოკ­რ­თო­და, თით­ქოს მის სა­ხეს სხვა მზედ აქ­ცევ­და, მიმ­ცხ­რალ, ფერ­გამ­კ­რ­თალ, მი­ლე­ულ მნა­თო­ბად.

შევ­ჩერ­დი მის­გან ნიშ­ნის მო­ლო­დინ­ში, თუნ­დაც წა­მი­ე­რი მზე­რი­სა, რო­მე­ლიც მა­ნიშ­ნებ­და, რომ და­მი­ნა­ხა, რომ ჩე­მი ნახ­ვა სურ­და, მაგ­რამ ის მდუ­მა­რე და მი­ბინ­დუ­ლი გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი­ვით იდ­გა, თით­ქოს მა­რი­ამ ღვთის­მ­შობ­ლის ხა­ტი იყო, სწო­რედ ის ხა­ტი, მის ოთ­ახ­ში კე­დელ­ზე რომ ეკ­ი­და და რო­მე­ლიც ახ­ლა ფან­ჯა­რა­ში და­ეს­ვე­ნე­ბი­ნათ. აუც­ი­ლებ­ლად უნ­და ვნა­ხო! მე ვიც­ნობ ქალ­ბა­ტონს, ჰა­ნუ­ნას დე­დას და თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ ის მე­ტად ამ­პარ­ტა­ვა­ნი და მბრძა­ნებ­ლო­ბის მოყ­ვა­რუ­ლია, ის­იც ვი­ცი, რომ ჩემს მი­მართ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლია. თით­ქოს ქვე­შეც­ნე­უ­ლად, ცუ­დი თვა­ლით არ უნ­და უყ­უ­რებ­დეს მის ქა­ლიშ­ვილ­თან ჩემს მე­გობ­რო­ბას. ხში­რად მი­დებს ხოლ­მე ჯი­ბე­ში ფორ­თო­ხალს ან კან­ფე­ტებს და ყო­ველ­თ­ვის სა­ლამს მა­ბა­რებს დე­და­ჩემ­თან, რო­მელ­საც, რა თქმა უნ­და, მე არ გა­დავ­ცემ, რად­გან უკ­ვე ვი­ცი რა აზ­რი­საა მას­ზე დე­და­ჩე­მი და მი­სი აზ­რიც დე­და­ჩემ­ზე კარ­გად მო­მეხ­სე­ნე­ბა.

კა­რი ღია იყო. ზა­რი ხომ არ და­მე­რე­კა?.. შე­ვა­ბი­ჯე.

ჰა­ნუ­ნას დე­და მა­შინ­ვე გა­მო­ვი­და სამ­ზა­რე­უ­ლო­დან. გაზ­ქუ­რის ჭვარ­ტ­ლის ნამ­ცე­ცე­ბი მის პი­რის­კან­ზე, თეთ­რი თმის კო­წო­ლე­ბი და ტან­საც­მე­ლი მის სა­ხეს ღი­მი­ლით ან­ა­თებ­და; თით­ქოს ჩახ­ვ­დაო ჩე­მი მის­ვ­ლის მი­ზეზს, მა­შინ­ვე გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა შე­ეც­ვა­ლა, ნაკ­ვ­თე­ბი გა­უ­შეშ­და, თით­ქოს სა­წუ­ხა­რი და საფ­რ­თხე გა­აც­ნო­ბი­ე­რაო. ენა აერია, აუბ­ორ­ძიკ­და, რა­ღაც გა­ურ­კ­ვევ­ლად წა­ი­ბურ­ტყუ­ნა და შეტ­რი­ალ­და, თით­ქოს ვე­რა­ფერს ხე­დავს და არ­ა­ფე­რი ეს­მი­სო, ის­ევ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში შებ­რუნ­და.

სა­ი­დან უნ­და მცოდ­ნო­და, მაგ­რამ მი­სი ეს მოძ­რა­ო­ბა თით­ქოს კე­თილ­გან­წყო­ბის ნიშ­ნად მი­ვი­ღე. ის­ა­რა­ვით შევ­ვარ­დი ჰა­ნუ­ნას ოთ­ახ­ში. ჰა­ნუ­ნა მომ­ღი­მა­რი იდ­გა და თავ­ჩა­ღუ­ნუ­ლი მე­ლო­და. თვა­ლებ­ში ლა­მა­ზი და უბ­ო­რო­ტო, ალ­ა­ლი ეშ­მა­კუ­ნე­ბი ესხ­დ­ნენ, შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს რომ ჰყავთ ხოლ­მე, ის­ე­თი.

ჩემ­და გა­სა­ოც­რად, ის­ე­თი შე­უჩ­ვე­ვე­ლი მოძ­რა­ო­ბა გა­ა­კე­თა, მის­გან სა­ერ­თოდ რომ არ ვე­ლო­დი! ხე­ლი გა­მო­მი­წო­და ჩა­მო­სარ­თ­მე­ვად! თავს ძა­ლა და­ვა­ტა­ნე და მეც გა­ვუ­წო­დე, მის ხელს ისე ძლი­ერ ჩა­ვე­ჭი­დე, ჩანს, ვატ­კი­ნე. ჩვენ ხომ ერთ­მა­ნეთ­საც ვხვდე­ბო­დით, ერ­თა­დაც დავ­დი­ო­დით, რა­მე საქ­მის კე­თე­ბა­საც ერ­თად შე­ვუდ­გე­ბო­დით ხოლ­მე, ერთ­მა­ნე­თის­თ­ვის კი ხე­ლი ჯე­რაც არ ჩა­მოგ­ვერ­თ­მია. ეს პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვა გახ­ლ­დათ. პა­ტა­რა ხე­ლი ჰქონ­და, ჩე­მი კი, მი­უ­ხე­და­ვად ჩვენს შო­რის ორი წლის ას­ა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბი­სა, გა­ცი­ლე­ბით დი­დი აღ­მოჩ­ნ­და. ნა­ზი მტე­ვა­ნი ას­ე­თი­ვე თხე­ლი, ჩა­მოქ­ნი­ლი თი­თე­ბით ბო­ლოვ­დე­ბო­და, თით­ქოს ხელ­ში ფან­ქ­რე­ბის კო­ნა გე­ჭი­რა, მაგ­რამ არა, ფან­ქ­რე­ბი კი არა, ცოცხა­ლი, თბი­ლი თი­თე­ბი იყო და მათ­ში იმ­დე­ნი და ის­ე­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მოს­ხი­ვე­ბა იყო ჩაგ­რო­ვი­ლი, ლა­მის ხე­ლი კი არა, მფეთ­ქა­ვი გუ­ლი გე­გო­ნე­ბო­და, სწო­რედ ის გუ­ლი, რომ­ლის ცე­მა მა­შინ მეს­მო­და, მის მკერდს სა­ხეს გან­ზ­რახ რომ მი­ვუ­ახ­ლო­ვებ­დი ხოლ­მე. ხე­ლის ჩა­მორ­თ­მე­ვამ შე­მა­ში­ნა, ჭკუ­ი­დან გა­და­მიყ­ვა­ნა!

ვუთხა­რი ჰა­ნუ­ნას:

– ქალ­წულ მა­რი­ამს ჰგავ­ხარ!

მოჩ­ვე­ნე­ბი­თი გა­ჯავ­რე­ბით წარ­ბი ას­წია, მაგ­რამ თან კვლავ ისე ეღ­ი­მე­ბო­და, თით­ქოს რა­საც ვამ­ბობ­დი, სირ­ცხ­ვი­ლი იყო და მი­უ­ხე­და­ვად ამ­ი­სა, მა­ინც ჩა­მე­კითხა:

– რო­გორ?!..

მი­ვუ­გე: ფან­ჯა­რა­ში შეგ­ნიშ­ნე და ღვთის­მ­შო­ბელს ჰგავ­დი-მეთ­ქი, იეს­ო­ღა გაკ­ლ­და-მეთ­ქი, ჰა­ნუ­ნა! ო, ჰა­ნუ­ნა… რო­გორ მსი­ა­მოვ­ნებ­და ყო­ველ­თ­ვის მის­თ­ვის სა­ხე­ლით ხმო­ბა, თით­ქოს ენ­ა­ზე ვი­გე­მოვ­ნებ­დი მის სა­ხელს, მი­სი გე­მო მრჩე­ბო­და პირ­ში… მე ვიქ­ნე­ბი იესო და შენ ქალ­წუ­ლი მა­რი­ა­მი! მო­მე­ცი ნე­ბა, ვი­ყო შე­ნი მაცხო­ვა­რი და შენ – ჩე­მი ღვთის­მ­შო­ბე­ლი!

ლა­მის კი არა, მარ­თ­ლა წა­მარ­ტყა ხელ­ზე. რბი­ლად, შემ­წყ­ნა­რებ­ლუ­რად გა­მაწყ­ვე­ტი­ნა, მაგ­რამ ამ უნ­ებ­ლიე აზრს თვით­ნე­ბუ­რად უკ­ვე მო­ეც­ვა ჩე­მი გო­ნე­ბა და თა­ნაც იგი იმ წა­მის ნა­შო­ბი რო­დი იყო! უდ­ა­ვოდ იმ დღეს უნ­და და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო, რო­ცა, ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ, მათ სახ­ლ­ში ვი­ყა­ვით გან­მარ­ტო­ე­ბულ­ნი. თვალ­გაშ­ტე­რე­ბუ­ლი მივ­ჩე­რე­ბო­დი ქალ­წულ მა­რი­ა­მის სუ­რათს, მაცხო­ვა­რი რომ ჰყავ­და მიკ­რუ­ლი მკერ­დ­ზე მე­ტის­მე­ტი მზრუნ­ვე­ლო­ბით და სი­ნა­ზით. სუ­რა­თი ძვე­ლი იყო და ფერ­მიმ­ქ­რა­ლი. მა­რი­ა­მის თა­ვი­დან სხი­ვე­ბი მი­ე­მარ­თე­ბო­და ყო­ველ მხა­რეს. იესო ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ბავ­შ­ვი იყო და იმ ძის ბედ­ნი­ე­რი ღი­მი­ლით იღ­ი­მე­ბო­და, რო­მელ­მაც უწ­ყის, რომ დე­დის მკლა­ვებ­შია, მის მზრუნ­ველ კალ­თა­ში, მი­სი სი­ნა­ზის ფრთებ­ქ­ვეშ. მა­რი­ა­მიც იღ­ი­მე­ბო­და და ამ ღი­მი­ლის ნა­თე­ლი მის სა­ხეს და ბა­გე­ებს ისე გა­დას­დი­ო­და, თით­ქოს ხვდე­ბო­და, რომ სუ­რათს გა­და­უ­ღებ­დ­ნენ და სურ­და, ამ სუ­რათ­ში ჩა­ე­ტია ვა­ჟის დე­დო­ბით გა­ბედ­ნი­ე­რე­ბუ­ლი დე­დის ღი­მი­ლი. რო­გორც კი ჰა­ნუ­ნას მი­ვუბ­რუნ­დი და­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად, მა­შინ­ვე ვიგ­რ­ძე­ნი, მსურ­და, რომ ყრმად ვქცე­უ­ლი­ყავ და ჰა­ნუ­ნას გულ­ში ვყო­ლო­დი ჩაკ­რუ­ლი; ის­ე­თი ბედ­ნი­ე­რი ყო­ფი­ლი­ყო ჩე­მით, რო­გორც ქალ­წუ­ლი მა­რი­ა­მი თა­ვი­სი იეს­ო­თი.

იმ დღეს, რო­ცა მე ჰა­ნუ­ნას ვთხოვ­დი, რომ ჩე­მი ღვთის­მ­შო­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო, მე კი მი­სი იესო და არ და­მამ­თავ­რე­ბი­ნა, თუმ­ცა გო­ნე­ბა­ში მიტ­რი­ა­ლებ­და ფიქ­რი დე­დის მკერდს მიკ­რულ ჩვი­ლად ქცე­ვი­სა, ჩე­მი ამ თხოვ­ნის მიღ­მა ძლი­ე­რი, ძვე­ლი და და­უ­ო­კე­ბე­ლი სურ­ვი­ლი გა­ყურ­სუ­ლი­ყო – ჩა­ვე­კა­რი გულ­ში ჰა­ნუ­ნას, შე­მო­მეხ­ვია მის­თ­ვის მკლა­ვე­ბი და ჩავ­კ­რო­დი, ოღ­ონდ უხ­ე­შად და ღო­ნივ­რად კი არა, მე ხომ ვი­ცო­დი, რა სუს­ტი და სიფ­რი­ფა­ნაც იყო, ნა­ზად, ფა­ქი­ზად, მსუ­ბუ­ქად მსურ­და ჩავ­კ­რო­დი და რო­ცა მო­ვეხ­ვე­ო­დი, მთლი­ა­ნად ჩემს მკლა­ვებ­ში მო­მექ­ცია, და­მე­პა­ტა­რა­ვე­ბი­ნა და რა­მე­ნა­ი­რად, რა­ი­მე გზით და სა­შუ­ა­ლე­ბით ჩემს გულ­ში ჩა­მეს­ვა, იქ მი­მე­ჩი­ნა მის­თ­ვის ბი­ნა. ჩე­მი ჭკუ­ით, ეს ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი იყო, რომ ჩე­მი მას­თან სი­ახ­ლო­ვის, მიკ­ვ­რი­სა და მი­წე­ბე­ბის გა­მუდ­მე­ბუ­ლი სურ­ვი­ლის გრძნო­ბა ჩა­მე­ჩუ­მე­ბი­ნა.

მას­თან მე­ტი სი­ახ­ლო­ვე მწყუ­რო­და. ბევ­რად მე­ტი, ვიდ­რე ეს გო­გო­ებ­თან გვაქვს ხოლ­მე, რო­ცა სახ­ლო­ბა­ნას და ცოლ­ქ­მ­რო­ბა­ნას ვთა­მა­შობთ ძველ საწყო­ბებ­ში.

დიდ­ხანს და­ჟი­ნე­ბით მივ­შ­ტე­რე­ბო­დი ჰა­ნუ­ნას. პირ­ვე­ლად ვხე­დავ­დი, ის­იც ასე უც­ნა­უ­რად რომ მომ­ჩე­რე­ბო­და. ხში­რად ვე­კითხე­ბო­დი ხოლ­მე ჩემს თავს, რა აზ­რის იყო ჩემ­ზე, ან ჩემს მი­მართ რას გა­ნიც­დი­და. მის ჩემ­და­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში არ მიგ­რ­ძ­ვ­ნია რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, ის­ე­თი, რაც გან­სა­კუთ­რე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბებს გა­მო­არ­ჩევს ხოლ­მე. თავს ისე ვგრძნობ­დი, თით­ქოს მის თვალ­ში მხო­ლოდ ერ­თი 14 წლის ბი­ჭი ვი­ყა­ვი, უბ­რა­ლოდ ერ­თი სხვა ბი­ჭი მი­სი 16 წლის გად­მო­სა­ხე­დი­დან, რო­მელ­თა­ნაც მას მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, კე­თილ­გან­წყო­ბა და ურ­თი­ერ­თ­გა­გე­ბა აკ­ავ­ში­რებ­და, მაგ­რამ არ­ა­ფე­რი სხვა ამ­ა­ზე მე­ტი და ამ­ჯე­რად, მის და­ჟი­ნე­ბულ მზე­რა­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად ვიგ­რ­ძე­ნი, იმგ­ვა­რი ელ­ვა გაკ­რ­თა, რო­მელ­საც დი­დი ხა­ნია სულ­მო­უთ­ქ­მე­ლად ვე­ლო­დი, მე­ტად პი­რა­დუ­ლი ბუ­ნე­ბი­საა. ვიგ­რ­ძე­ნი, რომ ეს იყო მზე­რა, მო­მარ­თუ­ლი სწო­რედ ჩემ­ს­კენ და მე­უბ­ნე­ბო­და იმ დიდ სათ­ქ­მელს, რომ­ლის თქმაც თა­ვად მას რცხვე­ნო­და და რო­მელ­საც მხო­ლოდ მზე­რა ამ­ხელ­და. მე­ტიც, ეს სათ­ქ­მე­ლი შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო (ან ჩემს თვალ­ში ჩან­და შე­უძ­ლებ­ლად), თა­ვად მას ეთქ­ვა და სწო­რედ ამ მი­ზე­ზით, ეს იყო სათ­ქ­მე­ლი, რო­მელ­მაც გა­მა­ბე­დი­ნა, მი­ვახ­ლო­ე­ბო­დი. ჩვენ ხში­რად მივ­ხუ­ტე­ბი­ვართ ერთ­მა­ნეთს, რო­ცა ხე­ლი­ხელ­გა­დახ­ვე­ულ­ნი მივ­დი­ო­დით ხოლ­მე, მაგ­რამ ეს პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვა იყო ამ ზო­მამ­დე სი­ახ­ლო­ვის. ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ არ­სე­ბა, რო­მელ­საც დას­ტ­რი­ა­ლებ­და ჩე­მი სიზ­მ­რე­ბი და ოც­ნე­ბე­ბი, იმ­ას მო­ი­მოქ­მე­დებ­და, რაც გა­ა­კე­თა. მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჰა­ნუ­ნამ მკერ­დ­ზე მი­მიკ­რა მო­ცახ­ცა­ხე, აჩ­ქა­რე­ბუ­ლი, უც­ა­ბე­დი მოძ­რა­ო­ბით. ვიგ­რ­ძე­ნი, შუბ­ლ­ზე სწრა­ფი კოც­ნა აღ­მე­ბეჭ­და. რა თქმა უნ­და, ძლი­ერ ავ­ი­ლე­წე. მან თა­ვი ამ­ი­წია და ჩვე­ნი სა­ხე­ე­ბი ერთ­მა­ნე­თის პი­რის­პირ აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ, ორ­ი­ვე მძი­მედ ვსუნ­თ­ქავ­დით და აი, მე­ო­რე მშვე­ნი­ე­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის ჯე­რიც დად­გა – ის ჩემ­ს­კენ და­ი­ხა­რა, მე ხომ მას­ზე ცო­ტა­თი და­ბა­ლი ვი­ყა­ვი და ბა­გე­ზე მა­კო­ცა. ის­იც სწრა­ფი კოც­ნა იყო, მე­ტად ამ­ა­ღელ­ვე­ბე­ლი, ჟრუ­ან­ტე­ლის მომ­გ­ვ­რე­ლი. ვიგ­რ­ძე­ნი, ცახ­ცა­ხის ტალ­ღე­ბი, მის ტუ­ჩებს რომ გა­და­ევ­ლო, ჩემს ბა­გე­ზეც აღ­ი­ბეჭ­და. ელ­ვა­სა­ვით სწრა­ფი კოც­ნა იყო, მაგ­რამ ამ ელ­ვამ მარ­თ­ლაც ელ­ექ­ტ­რო­ნი­ვით და­მი­ა­რა, მის­მა სუს­ხ­მა სუ­ლის ყვე­ლა ტა­ლა­ნი დახ­ს­ნა, გუ­ლი ამ­იფ­რ­თხი­ა­ლა გა­ზაფხუ­ლის პირ­ვე­ლი მერ­ცხა­ლი­ვით. ამ წუ­თამ­დე ამ­ა­ზე დი­დი მღელ­ვა­რე­ბა არ გან­მე­ცა­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. თით­ქოს ამ კოც­ნით უეც­რად ჩავ­წ­ვ­დი, რომ ჰა­ნუ­ნა გო­გო იყო და მას­შიც იდო ის რა­ღაც, რაც ქალ­თა სქესს გა­მო­არ­ჩევს. აუჩ­ვე­უ­ლებს მათ ამგ­ვა­რი ფე­რა­დოვ­ნე­ბი­თა და ამგ­ვა­რი სა­მო­სით, სუ­ნა­მო­თა კე­თილ­სურ­ნე­ლე­ბას აპ­კუ­რებს და მძი­ვე­ბი­თა და ყელ­სა­კი­დე­ბით, სა­მა­ჯუ­რე­ბი­თა და ბეჭ­დე­ბით ამ­კობს. რა­ღაც, რაც იწ­ვევს მათ­ში მკერ­დის ზრდას და მათ კანს აბ­რე­შუ­მის სირ­ბი­ლეს და ხმას კი ხა­ვერ­დოვ­ნე­ბა­სა და მე­ლო­დი­უ­რო­ბას ან­ი­ჭებს, გა­ნას­ხ­ვა­ვებს მა­მა­კა­ცის ხმის­გან, რო­მე­ლიც უხ­ე­შია, რო­გორც მი­სი­ვე სხე­უ­ლი, ზღარ­ბი­ვით ეკ­ლი­ა­ნი, გა­რუ­ჯუ­ლი სა­ხი­თა და ბან­ჯ­გ­ვ­ლი­ა­ნი მკერ­დით. ჰა­ნუ­ნა მდედ­რი ყო­ფი­ლა, ჩე­მი მღელ­ვა­რე­ბის მი­ზე­ზი კი ის იყო, რომ ამ­ას ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი და არც დამ­სიზ­მ­რე­ბია მა­ნამ­დე. ჰა­ნუ­ნა ჩემს თვალ­ში ღვის­მ­შო­ბე­ლი­ვით იყო, ღვთა­ე­ბა­სა­ვით, მი­ზეზ­თა მი­ზე­ზი ყო­ვე­ლი ბედ­ნი­ე­რი თრთო­ლი­სა, რო­მე­ლიც კი ყო­ფი­ე­რე­ბას ავ­სებ­და. ღმერ­თო, და­ი­ლო­ცა შე­ნი სა­მარ­თა­ლი! დი­დე­ბა უფ­ალს, მან მო­მი­ტე­ვოს მე შე­ცო­დე­ბა! მდედ­რი! წა­მის რა­ღაც მე­ა­თე­დით გრძნო­ბა და­მიბ­რუნ­და. გონს მო­ვე­გე და აღ­მო­ვა­ჩი­ნე, მი­სი ამ უც­ა­ბე­დი გულ­ში ჩაკ­ვ­რის პა­სუ­ხად ჩე­მი ხე­ლი მჭიდ­როდ შე­მორ­ტყ­მო­და მას და ეხ­ვე­ო­და. ის­ე­თი გრძნო­ბა მქონ­და, ყო­ფი­ე­რე­ბის მა­რა­დი­ულ, და­უ­სა­ბა­მო უმ­წიკ­ვ­ლო­ბას ვეკ­ვ­რო­დი. გრძნო­ბა და­მიბ­რუნ­და და აღ­არც და­ვუ­ტო­ვე­ბი­ვარ, ოღ­ონდ ჩე­მი გო­ნე­ბის ფსკერ­ზე და­ეშ­ვა და იქ დარ­ჩა. დარ­ჩა, რო­გორც იქ და­ძი­რუ­ლი ფა­რუ­ლი ოც­ნე­ბე­ბი – სა­ყო­ველ­თაო ეტ­ი­კე­ტის, გო­ნივ­რუ­ლის ლო­გი­კი­სა და ტრა­დი­ცი­ა­თა კულ­ტის გა­მო­კე­ტი­ლი ტყვე­ე­ბი; ნატ­ვ­რა იმ­ი­სა, რომ გად­ნე, გა­ნი­ლიო და ჩა­ი­კარ­გო შენ, უმ­ცი­რე­სი არ­სე­ბა, უზ­ე­ნა­ეს არს­ში და გიყ­ვარ­დეს უფ­ა­ლი სიკ­ვ­დი­ლამ­დე, გქონ­დეს მა­რა­დი­უ­ლი კავ­ში­რი ყო­ფი­ე­რე­ბის უზ­ე­ნა­ეს სა­ი­დუმ­ლოს­თან.

და თუმც მეტ-ნაკ­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბით შევ­ძე­ლი ჰა­ნუ­ნას მდედ­რად გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა და მი­სი ცი­უ­რი საბ­რ­ძა­ნებ­ლი­დან მი­წა­ზე ჩა­მოყ­ვა­ნა სხე­უ­ლებ­რი­ვად, სისხლ-ხორ­ცე­უ­ლად, მა­ინც აბ­სურ­დუ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბო­და ამ წარ­მოდ­გე­ნის ჩემს სა­კუ­თარ თავ­თან და­კავ­ში­რე­ბა. შე­უძ­ლებ­ლად მი­მაჩ­ნ­და ჰა­ნუ­ნა მდედ­რ­თან ჩე­მი რა­ი­მე ურ­თი­ერ­თო­ბის წარ­მოდ­გე­ნა, თუნ­დაც ის­ე­თი­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა, რო­გო­რიც და­ნარ­ჩენ გო­გო­ებ­თან მქონ­და. შეშ­ლი­ლი­ვით ვცდი­ლობ­დი, სიწ­მინ­დე თა­ვის ად­გი­ლას და­მებ­რუ­ნე­ბი­ნა, აღ­მედ­გი­ნა ჩე­მი გან­ც­და, რომ ის უზ­ე­ნა­ე­სია და რომ ამ სი­ლა­მა­ზეს, გრა­ცი­ო­ზუ­ლო­ბას და აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბას, რა­საც ას­ხი­ვებ­და ამქ­ვეყ­ნად, ჰა­ნუ­ნა ად­ა­მი­ა­ნუ­რი მოდ­გ­მის არ­სე­ბა­თა დო­ნე­ზე მაღ­ლა აჰ­ყავ­და, ზე­ცად აღ­ა­მაღ­ლებ­და. გა­მე­ტე­ბით ვცდი­ლობ­დი, ცნო­ბი­ე­რე­ბა და­მებ­რუ­ნე­ბი­ნა, რომ ის მა­ინც აღდ­გო­მო­და წინ ახ­ლად­გა­მო­ჩე­კილ ყმაწ­ვილ­კაცს, მდედ­რის ძა­ხი­ლის პა­სუ­ხად უეც­რად რომ გა­მოკ­რ­თა ჩემ­ში. ძა­ხი­ლის, რო­მელ­მაც მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჰა­ნუ­ნაც ქა­ლად აქ­ცია. მაგ­რამ ვაი, რომ შე­უძ­ლე­ბელს ვცდი­ლობ­დი! დუ­ნი­ის ყვე­ლა სიწ­მინ­დე უძ­ლუ­რია, და­ა­შო­როს ერთ­მა­ნეთს სი­ცოცხ­ლის ორი უდ­ი­დე­სი ძა­ლა, თუ­კი მათ ერთ­მა­ნე­თი იპ­ო­ვეს – ქა­ლი და მა­მა­კა­ცი, თუ მათ შო­რის მე­სა­მე – ეშ­მა­კი­სე­უ­ლი კა­ნო­ნი არ ჩად­გა, რომ­ლის დარ­ღ­ვე­ვა და და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. მის­მა კოც­ნამ მე, მა­სა­ვით ათრ­თო­ლე­ბულ, აღ­ელ­ვე­ბულ ბიჭს მო­მაკ­რე­ბი­ნა მთე­ლი ჩე­მი ად­რე­უ­ლი მა­მა­კა­ცო­ბა, მი­მე­ღო იგი, რო­გო­რიც არ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, მი­წი­ე­რი თუ ზე­ცი­უ­რი, წმინ­და­ნი თუ ერ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, უბ­რა­ლო გო­გო; მთა­ვა­რია, რომ მე ვუყ­ვარ­დი და მე მიყ­ვარ­და, მთა­ვა­რია, რომ ის არ­სე­ბობ­და და ის­ღა დამ­რ­ჩე­ნო­და, თავ­ფე­ხი­ა­ნად გა­დავ­შ­ვე­ბუ­ლი­ყავ იმ სიტ­კ­ბო­ე­ბის უეც­არ, უც­ნა­ურ ზღვა­ში, მო­უ­ლოდ­ნე­ლად რომ გა­და­მიხ­ს­ნა მის­მა ბა­გე­ებ­მა. ო, რა ბა­გა­ბუ­გი გა­უ­დი­ო­და მის გულს! ყუ­რი მის მკერ­დ­ზე მქონ­და მი­დე­ბუ­ლი და ეს კოს­მი­უ­რი ცე­მა ლა­მის ცას და მი­წას აზ­ან­ზა­რებ­და, მეც მარ­ყევ­და. ო, რა სა­ხე ჰქონ­და! მის სა­ხე­ზე ხან მი­წას ვხე­დავ­დი მთე­ლი თა­ვი­სი მშვე­ნი­ე­რე­ბით და ხან ცას მთე­ლი სიწ­მინ­დით. ხან არ­ა­ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი იერი ედო და ხან მი­წი­ე­რი. წით­ლ­დე­ბო­და და ყვით­ლ­დე­ბო­და, ხან ნაღ­ვე­ლი ეფ­ი­ნე­ბო­და და ხა­ნაც ქალ­წუ­ლებ­რი­ვი ღი­მი­ლი აც­ის­კ­როვ­ნებ­და. მღელ­ვა­რე, ბო­ბო­ქარ ზღვა­სა­ვით ბორ­გავ­და. მი­სი სხე­უ­ლის მდუ­მა­რე, უჩ­უ­მა­რი როკ­ვა უს­იტყ­ვოდ ლა­პა­რა­კობ­და. ქალ­წუ­ლი იყო და მეც უმ­წიკ­ვ­ლო ვი­ყავ; არც ერთ­მა ჩვენ­გან­მა არ იც­ო­და და სურ­და, რომ სცოდ­ნო­და, ცდი­ლობ­და, რომ გა­ე­გო. ლიბ­რი, რო­მე­ლიც ჩვენს თვა­ლებს ეფ­ა­რა და ერთ­მა­ნე­თის და­ნახ­ვას გვიშ­ლი­და, და­იწ­მინ­და და გა­მოჩ­ნ­და ცი­ებ-ცხე­ლე­ბა, ოღ­ონდ არა შე­უც­ნობ­ლის, გა­უ­აზ­რებ­ლის, არ­ა­მედ შლე­გუ­რი შეც­ნო­ბი­სა და და­უფ­ლე­ბის, სიტ­კ­ბო­ე­ბის და აღ­მო­ჩე­ნის და ბო­ლოს, კოს­მი­უ­რი სა­ი­დუმ­ლოს ცი­ებ-ცხე­ლე­ბა. ის ცი­ებ-ცხე­ლე­ბა, რო­ცა შენ ალ-კად­რის იმ ძლე­ვა­მო­სი­ლი ღა­მის(3) მო­ლო­დინ­ში დგა­ხარ, შენს წი­ნა­შე მარ­თ­ლაც იხს­ნე­ბა ცის კა­რი და იქ­ი­დან ცი­უ­რი სა­ი­დუმ­ლო გაცხად­დე­ბა შენ­თ­ვის; ან ის ცი­ებ-ცხე­ლე­ბა, რო­ცა ქა­ლი იხს­ნე­ბა შენს თვალ­წინ, შენ­თ­ვის მა­ნამ­დე იდ­უ­მა­ლი და და­ფა­რუ­ლი უეც­რად გაცხად­დე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ შენ­თ­ვის.

რამ­დე­ნიც გა­მახ­სენ­დე­ბო­და და ვეც­დე­ბო­დი მის გო­გოდ, მდედ­რად წარ­მოდ­გე­ნას, ის­ე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა მე­უფ­ლე­ბო­და, თით­ქოს რა­ღაც დი­დი ცოდ­ვის ჩა­დე­ნის პი­რას ვი­ყავ, რო­მე­ლიც მი­წას და ცას შეძ­რავ­და, უდ­ი­დე­სი ცოდ­ვი­სა, რო­მე­ლიც კი ოდ­ეს­მე ად­ა­მის მოდ­გ­მას ჩა­უ­დე­ნია. რამ­დე­ნიც წარ­მო­ვიდ­გენ­დი ამ­ას, ვგრძნობ­დი, ჩე­მი ად­რინ­დე­ლი თავ­შე­კა­ვე­ბა ჯე­ბი­რებს მოს­კ­დო­მო­და და გად­მო­ხეთ­ქი­ლი­ყო. ვეხ­ვე­ო­დი, ვწუ­რავ­დი და ვღე­ჭავ­დი ამ თბილ გველს – მდედრს, ვგო­რავ­დი და ვის­ვ­რე­ბო­დი მას­ში, მის­გან გან­დ­გო­მი­ლე­ბა­ში, მის სიწ­მინ­დე­ში და უდ­ი­დეს ცოდ­ვა­ში მი­სი მოდ­გ­მი­სა. იმ უს­აშ­ვე­ლოდ გრძელ დრო­ში, რო­მე­ლიც მის თაყ­ვა­ნის­ცე­მა­ში გა­ვა­ტა­რე, მსგავ­სი აბ­სურ­დუ­ლი და უს­ა­ფუძ­ვ­ლო ოც­ნე­ბე­ბი არც კი შე­მომ­პარ­ვია, იმ­დე­ნად შე­უძ­ლებ­ლად მი­მაჩ­ნ­და და აი, ახ­ლა, მე, მის მო­ნა­სა და მო­თაყ­ვა­ნეს მეძ­ლე­ო­და იგი, ჩე­მი სა­თაყ­ვა­ნო!

ჰო, რას ვამ­ბობ­დი?! იმ­ას ხომ არა, რომ სიწ­მინ­დე, რო­მე­ლიც მას მო­სავ­და, მის ხმას და მი­სი ხე­ლის ყვე­ლა მოძ­რა­ო­ბას აფ­ე­რა­დებ­და, მდედ­რის გა­მო­ძა­ხი­ლი ყო­ფი­ლა, ქა­ლის გა­მოს­ხი­ვე­ბა, წმინ­და და ნა­თე­ლი! ეს სქე­სის, ქალ­წუ­ლო­ბის გა­მოს­ხი­ვე­ბა ყო­ფი­ლა მას­ში კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი, რო­გორც ობ­ი­ექ­ტი­ვის შუ­ქი. ჰა­ნუ­ნას სი­ნა­ზის, მი­სი ქრის­ტი­ა­ნო­ბის, მი­სი სი­ლა­მა­ზის, მი­სი გა­მო­ხედ­ვის, ჩე­მი მის­და­მი თაყ­ვა­ნის­ცე­მის – ამ ყვე­ლაფ­რის მი­ზე­ზი და თა­ვი და თა­ვი მი­სი ქა­ლუ­რო­ბა აღ­მოჩ­ნ­და! მას შემ­დეგ მრა­ვალ­მა ხელ­მაც ჩა­ი­ა­რა, ბევ­რი ქა­ლიც შე­ვი­ცა­ნი, მაგ­რამ ის გრძნო­ბა მდედ­რის შეც­ნო­ბი­სა, იმ დღეს რომ მქონ­და, აღ­არ გან­მიც­დია. იმ დღეს დავ­კაც­დი და იმ დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, დღემ­დე ის კა­ცი ვარ.

თით­ქოს წყლის მოძ­რა­ო­ბა წყალ­ვარ­დ­ნილ­ში სა­ოც­რად მიწყ­ნარ­და, შე­ნელ­და. ჭაც აღ­არ ჩან­და ისე ღრმა თით­ქოს და მდუ­მა­რე­ბას, სი­ჩუ­მეს მის­ცე­მო­და

თით­ქოს ზღვა, რო­მე­ლიც მთე­ლი დუ­ნი­ის სიგ­რ­ძე-სი­გა­ნით გად­მოს­კ­და ჰა­ნუ­ნას ბა­გე­ე­ბი­დან, გა­ი­ყი­ნა და მი­სი ზე­და­პი­რი შუ­შად იქ­ცა.

ძლივს შევ­ძე­ლით თავ­შე­კა­ვე­ბა. ის დარ­ცხ­ვე­ნი­ლი იყო, მაგ­რამ სი­ნა­ნუ­ლი არ ეტ­ყო­ბო­და. მეც სირ­ცხ­ვილ­მა შე­მიპყ­რო, რო­ცა კარ­თან უეც­რად შუქ­მა იელ­ვა და ამ შუქს, რომ­ლის სიღ­რ­მე­საც უმ­ალ ჩავ­წ­ვ­დი, ეფ­ენ­დის, იგ­ი­ვე ფა­შას, ჰა­ნუ­ნას მა­მის სათ­ვა­ლე­ე­ბი ირ­ეკ­ლავ­და. იგი მა­ღა­ლი კა­ცი იყო, მუ­დამ დაღ­ლი­ლი თვა­ლე­ბით, რო­მელ­თა კუთხე­ებ­ზეც წირ­პ­ლის თუ ან­თე­ბის თეთ­რი წერ­ტი­ლე­ბი ესხ­და, რო­ცა კი არ უნ­და გე­ნა­ხათ.

დარ­ცხ­ვე­ნი­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ თან იმ მორ­წ­მუ­ნეს ვგავ­დი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი მორ­წ­მუ­ნე­ობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე პირ­ვე­ლად უკ­ავ­შირ­დე­ბა ჭეშ­მა­რი­ტად, ცხად­ლივ და ხელ­შე­სა­ხე­ბად თა­ვის შე­მოქ­მედს. ხდე­ბა სა­ოც­რე­ბა და მი­სი რწმე­ნა გარ­და­ი­სა­ხე­ბა გა­მოცხა­დე­ბა­ში, უტ­ყუ­არ, უეჭ­ველ ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ში და ის­იც გულ­წ­რ­ფე­ლად მზა­დაა თა­ვი და სი­ცოცხ­ლე დათ­მოს მი­სი გუ­ლის­თ­ვის. ამ­რი­გად, რო­ცა ჰა­ნუ­ნა ოთ­ა­ხი­დან კა­ტა­სა­ვით გა­ი­ძურ­წა და მე კი გუ­ლი და­ნა­შა­ულ­ზე წას­წ­რე­ბუ­ლი ყმაწ­ვი­ლი­ვით ამ­იძ­გერ­და, გუ­ლის­ცე­მის შე­ჩე­რე­ბა რწმე­ნით აღ­სავ­სე, ფა­ნა­ტი­კო­სი მორ­წ­მუ­ნის შე­უ­პოვ­რო­ბი­თა და სი­ჯი­უ­ტით მო­ვა­ხერ­ხე, ჰა­ნუ­ნას გახ­სე­ნე­ბით და ყვე­ლაფ­რით, რაც მას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ჩემს ვა­ლად ვრცხა­დი, რომ ჩე­მი მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მა­რად გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლი­ყო, თუნ­დაც ამ­ის­თ­ვის ქვე­ყა­ნა ყი­რა­ზე დამ­დ­გა­რი­ყო, ვე­ცე­მე ეფ­ენ­დის, ან გვეჩხუ­ბა, გა­ე­ლან­ძღა დე­და­მისს დე­და­ჩე­მი და ყელ­ში მცე­მო­და დე­და­ჩე­მი და­სახ­რ­ჩო­ბად, მა­მა­ჩემს ძვე­ლის­ძ­ვე­ლი შაშ­ხა­ნა გა­მო­ეთ­რია კა­რა­დი­დან და ტყვია და­ე­ში­ნა ეფ­ენ­დის მთე­ლი ოჯ­ა­ხის­თ­ვის ან თუნ­დაც მხო­ლოდ ჩემ­თ­ვის. დაე, მომ­ხ­და­რი­ყო ეს ყვე­ლა­ფე­რი! ოღ­ონდ რო­გორც კერ­პ­თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მე­ლი ლო­ცუ­ლობს ღვთა­ე­ბა­ზე, რო­გორც სხი­ვე­ბი მა­რად კავ­შირ­შია დე­და-მზეს­თან, რო­გორც ვარ­ს­კ­ვ­ლავ­ნი ვერ მოს­წყ­დე­ბი­ან ღა­მეს, ას­ე­ვე ჩე­მი ჰა­ნუ­ნას­თან კავ­ში­რი, ყვე­ლა ამ აუც­ი­ლებ­ლო­ბა­სა და გარ­და­უვ­ლო­ბა­ზე კი­დევ უფ­რო შე­უქ­ცე­ვა­დი, რჩე­ბო­და მუდ­მი­ვი და გას­ტან­და ჩემს სიკ­ვ­დი­ლამ­დე, ან სა­ნამ ერ­თად არ და­ვი­ხო­ცე­ბო­დით და ალ­ბათ თვით სიკ­ვ­დი­ლის შემ­დე­გაც კი.

მაგ­რამ ჩანს, ამ ჩე­მი სა­ში­ნე­ლი ში­ნა­გა­ნი გან­ც­დის მი­უ­ხე­და­ვად, გა­რეგ­ნუ­ლად ჩე­მი სა­ხე, ჩემს წინ ას­ვე­ტი­ლი ეფ­ენ­დის და­ნახ­ვა­ზე, სად­ღაც შორს, ექს­ტაზ­ში წა­სუ­ლი გე­გო­ნე­ბო­დათ. თით­ქოს ჩე­მი სხე­უ­ლი სის­ხ­ლის­გან სრუ­ლი­ად დაწ­რე­ტი­ლი­ყო და ეს სის­ხ­ლი ოთ­ა­ხის იატ­აკ­ზე ღვა­რად დი­ო­და. ვი­დე­ქი გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი, უს­ი­ცოცხ­ლო, გა­ყი­ნუ­ლი თვა­ლე­ბით, მზე­რა­დახ­რი­ლი ვე­ლო­დი სას­ჯელს. თუმ­ცა ვხვდე­ბო­დი, რომ ის იმ დროს მო­ვი­და, არ შე­ეძ­ლო მიმ­ხ­ვ­და­რი­ყო, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში რა მოხ­და, მა­ინც და­ჟი­ნე­ბით ვე­ლო­დი სას­ჯელს. ნე­ტავ და­ვე­სა­ჯე, ნე­ტავ ვე­ცე­მე ან გა­ვე­ლან­ძღე, ან თუნ­დაც მა­მა­ჩე­მის­თ­ვის მა­ინც მი­ე­ტა­ნა ენა და მო­ვე­კა­ლი მა­მა­ჩემს! მან კი დი­დი ხნის დუ­მი­ლის შემ­დეგ მხო­ლოდ ის გა­ა­კე­თა, რომ მითხ­რა:

– მე შენ კარ­გად აღზ­რ­დი­ლი ყმაწ­ვი­ლი მე­გო­ნე, მუ­ჰა­მედ!

სიტყ­ვე­ბი, წა­რუშ­ლე­ლად რომ აეკ­ვი­ა­ტა გო­ნე­ბას მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე. ხში­რად რომ ხმი­ა­ნო­ბენ ყურ­ში და უც­ა­ბე­დად აღ­მო­ა­ჩენ, წარ­სუ­ლის წყვდი­ა­დი გა­მო­ურ­ღ­ვე­ვი­ათ და თავს გახ­სე­ნე­ბენ, ხან შენს ბა­გე­ებ­ზეც კი პო­უ­ლობ მათ, შე­ნი ტუ­ჩე­ბი წარ­მოთ­ქ­ვა­მენ და იმ­ე­ო­რე­ბენ. სირ­ცხ­ვი­ლის ძრწო­ლა გიპყ­რობს შე­ნი თა­ვის გა­მო. თით­ქოს ეს ის­ევ ის ძრწო­ლაა, მა­თი პირ­ვე­ლად მოს­მე­ნი­სას რომ და­გე­უფ­ლა. რამ­დენ­ჯე­რაც იგ­ო­ნებ მათ, გახ­სენ­დე­ბა და წარ­მო­გიდ­გე­ბა მთლი­ა­ნად, სრუ­ლი­ად, იმ ტო­ნით და მა­ნე­რით, რომ­ლი­თაც ის­ი­ნი წარ­მო­ით­ქ­ვა. ზუს­ტად არ ვი­ცი, მომ­ხ­და­რის შემ­დეგ თვე­ებ­მა გან­ვ­ლო თუ წლებ­მა, რად­გან დრო, რო­მე­ლიც მას მოჰ­ყ­ვა, მხო­ლოდ მო­საწყე­ნი, სევ­დი­ა­ნი, უმ­იზ­ნოდ და უს­ას­რუ­ლოდ გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბუ­ლი, გა­წე­ლი­ლი დღე­ე­ბი იყო. ათ­ას­გ­ზის ვუვ­ლი­დი მის სახლს გარ­შე­მო, თვა­ლი ერთხელ მა­ინც რომ მო­მეკ­რა. ვი­ცო­დი, გა­ნა­ჩე­ნი უკ­ვე გა­მო­ტა­ნი­ლი იყო, რომ დედ-მა­მის­გან ცხა­დად, გა­სა­გე­ბად და გა­დაჭ­რით ნაბ­რ­ძა­ნე­ბი ჰქონ­და, არ ვე­ნა­ხე, თუნ­დაც სუ­ლაც მოვ­მ­კ­ვ­და­რი­ყა­ვი ჩე­მი ამგ­ვა­რი ყო­ფის­გან. ხან­და­ხან, ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად, ათ­ას­ში ერთხელ, ვხე­დავ­დი შო­რი­დან. ხარ­ბად ვაკ­ვირ­დე­ბო­დი და შო­რით ჭვრე­ტით ვკმა­ყო­ფილ­დე­ბო­დი, რო­გორც ცი­ურ ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვებს უც­ქე­რენ ხოლ­მე. ხან უძ­ლი­ე­რე­სი სურ­ვი­ლი წა­მო­მივ­ლი­და, მას­თან მი­ახ­ლო­ე­ბის­კენ მი­ბიძ­გებ­და. შო­რი­ახ­ლოს მივ­დი­ო­დი, ისე, რომ მი­სი მხედ­ვე­ლო­ბის არ­ე­ალ­ში მოვ­ხ­ვედ­რი­ლი­ყავ. ვე­ძახ­დი, ვუხ­მობ­დი მას ხან ჩურ­ჩუ­ლით, ხა­ნაც ხმა­მაღ­ლა. ვა­ნიშ­ნებ­დი მო­ცახ­ცა­ხე ხე­ლით. ფა­ნა­ტი­ვით და­უ­ღა­ლა­ვად, უთ­ვა­ლავ­ჯერ ვიქ­ნევ­დი მკლავს ჰა­ერ­ში ისე, რომ ლა­მის სხე­უ­ლიც თან მიჰ­ყ­ვე­ბო­და. თით­ქოს ხილ­ვა­დო­ბის იმ რა­ღაც და­ფა­რულ, უხ­ი­ლავ ძაფს მსურ­და ჩავ­ჭი­დე­ბო­დი და ჩავ­ბღა­უ­ჭე­ბო­დი, მის გა­შე­შე­ბულ, გა­ყი­ნულ მზე­რა­სა და ჰო­რი­ზონტს შო­რის რომ გა­დი­ო­და. მაგ­რამ ერთხე­ლაც კი არ შეს­ტო­კე­ბია წამ­წა­მი ჩე­მი არ­სე­ბო­ბის, ჩე­მი იქ ყოფ­ნის მიხ­ვედ­რის ნიშ­ნად. გა­მუდ­მე­ბით იდ­გა ხოლ­მე ფან­ჯა­რას­თან მზის ყვი­თელ კვად­რატ­ში მოქ­ცე­უ­ლი, ეს სიყ­ვით­ლე რკი­ნის შტო­რებ­ში ატ­ან­და. ვგრძნობ­დი, იც­ო­და ჩე­მი არ­სე­ბო­ბა, მზად ვარ და­ვი­ფი­ცო, მაგ­რამ ვი­ცო­დი, არ შე­იმ­ჩ­ნევ­და, არ უნ­და შე­ემ­ჩ­ნია. ვი­ცი, უდ­ა­ვოდ ფი­ცი ექ­ნე­ბო­და მშობ­ლე­ბის­თ­ვის მი­ცე­მუ­ლი და ჰა­ნუ­ნას აღთ­ქ­მა კი ჰა­ნუ­ნა­სა­ვი­თაა, წმინ­და, და­ურ­ღ­ვე­ვე­ლი, ვდნე­ბო­დი მო­ნატ­რე­ბით და მა­გონ­დე­ბო­და. გა­ნუწყ­ვეტ­ლივ ვიხ­სე­ნებ­დი ყვე­ლა­ფერს გაც­ნო­ბის წუ­თი­დან იმ დი­დი შეც­ნო­ბის წუ­თამ­დე. ვიხ­სე­ნებ­დი მის ყო­ველ მოძ­რა­ო­ბას, მის ყო­ველ სიტყ­ვას, ყო­ველ გა­მო­ხედ­ვას, რო­მე­ლიც კი მის სა­ხეს ოდ­ეს­მე დას­ჩე­ნია. ვი­გო­ნებ­დი და ვდნე­ბო­დი სიყ­ვა­რუ­ლით და მო­ნატ­რე­ბით, თავს ვიკ­ლავ­დი სი­ნა­ნუ­ლით. ნუ­თუ აუც­ი­ლე­ბე­ლი იყო იმ დი­დი შეც­ნო­ბის ზღვრამ­დე მივ­სუ­ლი­ყა­ვი, ნუ­თუ უბ­რა­ლო სი­ახ­ლო­ვე საკ­მა­რი­სი არ იყო?! რა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო და იოლი ყო­ფი­ლა ათ­ას­ჯერ გაქ­რო­ბა სრულ გან­შო­რე­ბას­თან შე­და­რე­ბით. “ათ­ას ერ­თი ღა­მის” გმირს ვგავ­დი, რო­მე­ლიც იმ სა­სახ­ლე­ში და­ტო­ვეს, 7 კა­რი რომ ჰქონ­და და უბრ­ძა­ნეს, არ გა­ე­ღო მეშ­ვი­დე ოთ­ა­ხის კა­რი. ის­იც ცხოვ­რობ­და ბედ­ნი­ე­რად სა­სახ­ლე­ში, ტკბე­ბო­და და გან­ცხ­რო­მა-ნე­ტა­რე­ბას ეძ­ლე­ო­და, მაგ­რამ მა­ინც ვერ შეძ­ლო, წინ აღდ­გო­მო­და უდ­ი­დეს ცდუ­ნე­ბას – გა­ე­ღო მეშ­ვი­დე კა­რი. გა­ა­ღო კი­დეც და იხ­ი­ლა ის, რაც არ უნ­ა­ხავს კა­ცის თვალს და გულს, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ სა­სახ­ლის გა­რეთ აღ­მოჩ­ნ­და გა­მო­ძე­ვე­ბუ­ლი სწო­რედ იმ­ა­ვე ჯა­დოს­ნუ­რი წერ­ტილ­თან, სა­ი­და­ნაც სა­სახ­ლის კა­რი გა­ი­ღო მის­თ­ვის. თით­ქოს მე ის ჩე­მი წი­ნა­პა­რი ვი­ყა­ვი, რო­მე­ლიც თა­ვის ძველ, ჩვე­ულ სამ­ყა­როს და­უბ­რუნ­და და დახ­ვ­და იქ ექვ­სი კა­ცი, შა­ვად შე­მო­სი­ლი, გა­მუდ­მე­ბულ გლო­ვა­ში მყო­ფი, მა­თაც იგ­ი­ვე გა­დახ­დო­მო­დათ მას­ზე უწ­ინ და სი­ნა­ნულს მის­ცე­მოდ­ნენ. შე­უ­ერ­თ­დათ მათ მა­ლიქ ალ-ჰა­ზი­ნიც(4), თა­ვის შავ სა­მოს­ში გა­მოწყო­ბი­ლი, რა­თა მეშ­ვი­დე ყო­ფი­ლი­ყო მათ შო­რის. ნუ­თუ აუც­ი­ლე­ბე­ლი იყო ის მეშ­ვი­დე კა­რი და ის უზ­ე­ნა­ე­სი ტკბო­ბა? მა­ლიქ ალ-ჰა­ზი­ნი­ვით ვტი­რო­დი და სი­ნა­ნუ­ლი ახ­ა­ლი ძა­ლით მი­ტევ­და. სამ­ყა­რო იყო სევ­დი­ა­ნი და უხ­ა­ლი­სო, დღე­ე­ბი უს­აშ­ვე­ლო გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბით და­ბე­რე­ბუ­ლი, რუ­ხი და და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი, ღა­მე­ე­ბი კი უთ­ავ­ბო­ლო, არც შუ­ა­ღა­მე ეტ­ყო­ბო­და, არც რიჟ­რა­ჟი, არც დი­ლა… ცხოვ­რე­ბა დრო­ის გა­რე­შე მი­დი­ო­და, სა­ნამ არ დად­გა შე­მოდ­გო­მა. ჭო­რე­ბი გავ­რ­ცელ­და, თუმ­ცა მე არ ვი­ჯე­რებ­დი. და­ი­ნიშ­ნა დღე, პი­როვ­ნე­ბაც დად­გინ­და. ის სა­ღა­მოც მო­ვი­და. და­სახ­ლე­ბა­ში გა­ზის ლამ­პი­ო­ნე­ბი აინ­თო. სი­ნათ­ლე­ებ­მა და­სახ­ლე­ბის შუ­ა­გულ­ში, ვრცელ დარ­ბაზ­ში მო­ი­ყა­რა თა­ვი. შუ­ქე­ბი კაშ­კა­შით ფან­ტავ­და სიბ­ნე­ლეს. იყო უამ­რა­ვი, უთ­ვა­ლა­ვი სან­თე­ლი. სან­თ­ლე­ბის კე­თილ­სურ­ნე­ლე­ბაც კი შო­რი­დან­ვე იგრ­ძ­ნო­ბო­და. ჰა­ნუ­ნას ბი­ძაშ­ვი­ლი ჩა­მო­სუ­ლი­ყო ზე­მო ეგ­ვიპ­ტი­დან მას­ზე და­სა­ქორ­წი­ნებ­ლად, ის­ი­ნიც ზარ-ზე­ი­მით ატ­ან­დ­ნენ მას. იგ­ი­ვე ღვთის­მ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც მათ­თან დრო­დად­რო და­დი­ო­და, მო­სუ­ლი­ყო პრო­ვინ­ცი­უ­ლი ცენ­ტ­რის ეკ­ლე­სი­ი­დან. ყვე­ლა მღე­რო­და და ღვთის­მ­სა­ხუ­რის კვალ­დაკ­ვალ იმ­ე­ო­რებ­დ­ნენ: კი­რი­ე­ლე­ი­სონ!.. უფ­ა­ლო, შე­მიწყა­ლე!.. უფ­ა­ლო შე­მიწყა­ლე!.. ჰა­ნუ­ნა იდ­გა თა­ვის თვა­ლის­მომ­ჭ­რელ თეთრ სა­მოს­ში, თეთ­რი ჟას­მი­ნის ყელ­სა­კი­დით და ფა­ტით. სა­ხე მის­თ­ვის სა­ჭი­რო­ზე ბევ­რად მე­ტი ფერ-უმ­ა­რი­ლით მო­ე­ხა­ტათ, თუმ­ცა გა­მო­ხედ­ვას, თვა­ლე­ბის გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბას ხომ ვერ შე­უ­ღე­ბავ­დ­ნენ! შემ­კ­რ­თალ, არ­ე­ულ მზე­რას წინ და უკ­ან აც­ე­ცებ­და, იძვ­რო­და აქ­ეთ-იქ­ი­დან მრა­ვა­ლი ხე­ლის წაკ­ვ­რით, ხან ერთ, ხან მე­ო­რე მხა­რეს რომ ეწ­ე­ოდ­ნენ. მოძ­რა­ობ­და, რო­გორც მთვა­რე­უ­ლი, მაგ­ნი­ტუ­რი მი­ზი­დუ­ლო­ბის ქვეშ, თით­ქოს რა­ღაც როლს თა­მა­შობ­სო. სა­ხე­ზე ფერ­წა­სუ­ლი, მკრთა­ლი ღი­მი­ლი არ შორ­დე­ბო­და. გვერ­დით ნე­ფე-ბა­ტო­ნი ედ­გა, რო­მე­ლიც ალ­ბათ ამ სა­ღა­მომ­დე ცხოვ­რე­ბა­ში თვა­ლით არც ენ­ა­ხა. ზორ­ბა ტა­ნის, მსხვი­ლი შა­ვი ულ­ვა­შით. შა­ვი პალ­ტო ეც­ვა და თმა ბრი­ო­ლი­ნით მე­ტის­მე­ტად ულ­აპ­ლა­პებ­და. სა­სი­ძო სი­ა­მა­ყით ისე გა­ბე­რი­ლი­ყო, თით­ქოს სწო­რედ ახ­ლა ხელ­საყ­რე­ლი, მომ­გე­ბი­ა­ნი გა­რი­გე­ბა და­უ­დევ­სო. სიტყ­ვებს ტკეპ­ნი­და და გუ­ლი­დან წა­მო­სუ­ლი როხ­რო­ხით იც­ი­ნო­და, ხან­და­ხან ძალ­და­ტა­ნე­ბით. ჰა­ნუ­ნა მის გვერ­დ­ზე მოთ­ვი­ნი­ე­რე­ბუ­ლი, წყნა­რი მტრე­დი­ვით იყო, ხე­ლის წაკ­ვ­რით რომ ამ­ოძ­რა­ვებ­დ­ნენ აქ­ეთ-იქ­ით. ფერ­და­კარ­გუ­ლი იღ­ი­მე­ბო­და. მი­სი თვა­ლე­ბის მო­ხე­ტი­ა­ლე მზე­რა რა­ღა­ცას ეძ­ებ­და ცი­ურ ვარ­ს­კ­ვ­ლავ­თა შო­რის. ღვთის­მ­შო­ბელს ჰგავ­და, რმო­ლის­თ­ვი­საც იესო წა­ერ­თ­მი­ათ. მორ­ჩილ, უკ­ან და­ხე­ულ, მოთ­მი­ნე­ბით აღვ­სილ, მარ­ტო­სულ ქალ­წულს, ხსნის ძი­ე­ბა­ში მზე­რით რომ ჩხრეკ­და ცის თაღს. ვინ იც­ის, იქ­ნებ მე მე­ძებ­და, მა­შინ რო­ცა მე მი­წა­ზე გარ­თხ­მუ­ლი ვყმუ­ო­დი ტკი­ვი­ლით, სი­ნა­ნუ­ლით და ძრწო­ლით. ყვე­ლა კი ერთხ­მად იმ­ე­ო­რებ­და: კი­რი­ე­ლე­ი­სონ!.. კი­რი­ე­ლე­ი­სონ!..

——————————————————-

(1) ალ-კად­რის ღა­მე – მუს­ლი­მუ­რი კა­ლენ­დ­რით რა­მა­და­ნის თვის 27-ე ღა­მე. იხ. ყუ­რა­ნის 97-ე სუ­რა.

(2) იფ­რი­თი – ავი სუ­ლი, ბო­რო­ტი სუ­ლი, დე­მო­ნი. ჯი­ნის ნა­ირ­სა­ხე­ო­ბა არ­ა­ბულ დე­მო­ნო­ლო­გი­ა­ში.

(3) კვლავ რა­მა­და­ნის თვის 27-ე ღა­მე იგ­უ­ლის­ხ­მე­ბა.

(4) მა­ლიქ ალ-ჰა­ზი­ნი – ზღაპ­რის გმი­რი მა­მა­კა­ცის სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი. არ­ა­ბუ­ლად “მწუ­ხა­რეს, დამ­წუხ­რე­ბულს” ნიშ­ნავს.

© ”არილი”

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s