“ღრიალა” რეი ბრედბერი

მთარგმნელი: ლევან რამიშვილი 

ხმელეთიდან შორს, ცივ ტალღებში, ჩვენ ყოველ საღამოს ველოდით ნისლის მოსვლას. ისიც მოცოცდებოდა და ჩვენ მაკდანი და მე თითბერის საკისრებს ვზეთავდით და მაღლა, ქვის სვეტის თავზე შუქურას ვანთებდით. წითელი სხივი… თეთრი… ისევ წითელი ნისლში ჩაკარგულ გემებს დაეძებდა. სხივი რომც ვერ დაინახონ, ხმაც გვაქვს ჩვენი ღრიალას მძლავრი, ბოხი ხმა; ეს მაღალი, მქუხარე ხმა მიარღვევდა ნისლის ნაფლეთებსა და შეშინებული თოლიები აქეთ-იქით აწყდებოდნენ გაგორებული კამათლებივით, შეყელყელავებული, ქაფიანი ტალღები კი სისინებდნენ. 

– აქ მარტოობაა, მაგრამ იმედი მაქვს, უკვე შეეჩვიე? – მკითხა მაკდანმა.
– ჰო, – მივუგე. – მადლობა ღმერთს, ამბების მოყოლის ოსტატი მყავხარ.
– ხვალ შენი ჯერია დიდ მიწაზე გასეირნების, – გაიღიმა მან. – გოგოებს ეცეკვები, ჯინს დალევ.
– მითხარი, მაკდან, რაზე ფიქრობ ხოლმე, აქ მარტო რომ რჩები? – ზღვის საიდუმლოებებზე, მაკდანმა ყალიონი გააჩაღა. რვის თხუთმეტი წუთია. ნოემბრის ცივი საღამოა, გათბობა ჩართულია, შუქურა ყველა მხარეს ისვრის სხივებს, კოშკის მაღალი ხორხიდან ღრიალა ღრიალებს. ნაპირზე ასი მილის მანძილზე არც ერთი დასახლება არ არის, მხოლოდ გზა, იშვიათად შემხვედრი მანქანებით, გზა, მარტო რომ მიემართება ზღვისკენ, უკაცრიელ მხარეში, შემდეგ ორი მილი ცივ წყალზე, ჩვენს კლდემდე და ათასში ერთხელ თუ გამოჩნდება შორეული ხომალდი. ზღვის საიდუმლოებები, მაკდანი ჩაფიქრდა. თუ იცი, რომ ოკეანე უზარმაზარი ფიფქია, ყველაზე დიდი ფიფქი ამ ქვეყნის ზურგზე? მუდამ მოძრაობს, ათასი ფერი და ფორმა აქვს და არასოდეს მეორდება. საოცარია! ერთხელ, ღამით, უამრავი წლის წინ, აქ მარტო ვიჯექი. ამ დროს წყლის სიღრმიდან თევზები ამოვიდნენ, ზღვის ყველა თევზი. რაღაცამ მოიყვანა ისინი აქ, ჩვენს ყურეში. აქ დადგნენ, მთრთოლვარენი და მოლივლივენი და შუქურას აჰყურებდნენ, წითელი, თეთრი, წითელი, თეთრი სხივი კრთოდა მათ თავზე და ვხედავდი უცნაურ თვალებს. გამაცია. ზღვაში თითქოს ფარშევანგის კუდი დაცურავდა. ეს შუაღამემდე გაგრძელდა. და უცებ სულ უხმოდ გაქრნენ, მილიონობით თევზი წამში სადღაც ჩაიკარგა. არ ვიცი, იქნებ სალოცავად მოცურდნენ აქ? საკვირველია! აბა წარმოიდგინე, როგორი ჩანდა კოშკი მათ თვალში: სამოცდაათი ფუტის სიმაღლეზე აღმართულა, ღვთაებრივი ცეცხლით ბრწყინავს და გოლიათის ხმით ღაღადებს. ისინი აღარ დაბრუნებულან, მაგრამ განა არ შეიძლებოდა, მოსჩვენებოდათ, რომ რომელიღაც თევზური ღვთაების წინაშე წარსდგნენ? გამაჟრჟოლა. არაფერში და არსად გაშლილ, ზღვის გრძელ, ნაცრისფერ გაზონს გავცქეროდი. ჰო, ჰო, რა აღარ არის ზღვაში… მაკდანი მღელვარედ ქაჩავდა ყალიონს და თვალებს ხშირ-ხშირად ახამხამებდა. მთელი ეს დღე მას რაღაცა აშფოთებდა, მაგრამ არ ამბობდა რა, მართალია ჩვენ ყველანაირი მექანიზმი და ეგრედწოდებული სუბმარინები გვაქვს, მაგრამ კიდევ ათი ათასი საუკუნე გაივლის, სანამ წყალქვეშა სამეფოს მიწაზე ფეხს დავადგამთ, ჩაძირულ სამყაროში ჩავალთ და ნამდვილ შიშს შევიგრძნობთ. წარმოგიდგენია? იქ, ქვემოთ, ჯერ კიდევ 300 000 წელია ჩვენს ერამდე! ჩვენ აქ ვყაყანებთ, ერთმანეთს მიწებს ვგლეჯთ, თავებს ვაწყვეტთ, ისინი კი ცივ უფსკრულში ცხოვრობენ, წყლის ქვეშ, თორმეტი მილის სიღრმეზე, კომეტის კუდივით უძველეს დროში. მართალია, იქ ძველი დროა. წამო. რაღაც უნდა გითხრა. სწორედ ახლაა დრო. ორმოცი საფეხური ავიარეთ ლაპარაკ-ლაპარაკით, აუჩქარებლად. სქელ შუშებს რომ არ აერეკლა, ზემოთ მაკდანმა შიდა განათება გამორთო. შუქურას უზარმაზარი თვალი დაზეთილ ღერძზე მსუბუქად ბრუნავდა და ზუზუნებდა. და დაუღალავად, ყოველ თხუთმეტ წუთში ერთხელ, ღრიალებდა ღრიალა
.
– მართლა მხეცივით არ ღრიალებს? მაკდანმა კვერი დაუკრა საკუთარ ფიქრებს. დიდი მარტოხელა მხეცი ყმუის ღამეში. ათობით მილიარდი წლის ზღურბლზე ზის და უფსკრულს ჩაღრიალებს: `აქა ვარ, აქა ვარ, აქა ვარ…~ და უფსკრულიც პასუხობს. ჰო, ჰო, პასუხობს! უკვე სამი თვეა, რაც აქ ხარ, ჯონი, შენი მომზადების დრო დადგა. იცი რა, მაკდანი ნისლსა და წყვდიადს ჩააშტერდა,
– ამ დროს შუქურასთან სტუმარი მოდის.
– თევზების გუნდი, შენ რომ ამბობდი?
– არა, თევზები არა, რაღაც სხვა. იმიტომ არ გიყვებოდი, რომ მეშინოდა გიჟად ჩამთვლიდი, მაგრამ მეტის მოცდა აღარ შეიძლება. თუ შარშან კალენდარში სწორად მოვნიშნე, ის დღეს გამოჩნდება. მეტს არაფერს გეტყვი, თითონ ნახავ. აი, აქ იჯექი. თუ გინდა, დილით შენი ხარახურა ჩაალაგე, კატერზე დაჯექი, დიდ მიწაზე გადადი, ნავმისადგომთან, კონცხზე შენს მანქანაში ჩაჯექი, რომელიმე ქალაქში წადი, და ღამ-ღამობით შუქი აანთე ხოლმე. არაფერს გკითხავ და არც გაგკიცხავ. უკვე მესამე წელია, რაც ეს მეორდება და პირველად ხდება, რომ მარტო არა ვარ, ვინმე მაინც დამემოწმება. ახლა კი იჯექი და უყურე.
ნახევარი საათი გავიდა . ჩვენ კანტი-კუნტად თუ მივუგდებდით ერთმანეთს რამდენიმე სიტყვას, შემდეგ ლოდინმა დაგვღალა და მაკდანი თავისი მოსაზრებების გაზიარებას შეუდგა. ღრიალას შესახებ მთელი თეორია ქონდა ჩამოყალიბებული. ერთხელ, უამრავი წლის წინ, ცივ, მოქუხრულ ნაპირზე კაცი მოვიდა. გაჩერდა, ოკეანის გუგუნს ყური მიუგდო და თქვა: ჩვენ გვჭირდება ხმა, რომელიც ზღვას გადააყვირებს და გემებს გააფრთხილებს; მე შევქმნი ასეთ ხმას. მე შევქმნი ხმას, ყველა უკუნისა და ჯანღის მსგავსს, რაც კი ოდესმე ყოფილა; ის იქნება ვით ცარიელი ლოგინი შენს გვერდით მთელი ღამე, ვით უკაცრიელი სახლის კარის შეღება, ვით შემოდგომის ტიტველი ხეები. ხმა, მსგავსი ფრინველებისა, ყვირილით რომ მიფრინავენ სამხრეთისკენ, მსგავსი ნოემბრის ქარისა და ზვირთცემისა მოქუფრულ, პირქუშ ნაპირებთან. მე შევქმნი ხმას, ისეთ მარტოსულს, რომ შეუძლებელი იყოს, არ გესმოდეს და ყველა ვინ მას გაიგონებს, აქვითინდება გულში, ადამიანებს კერიები უფრო თბილად მოეჩვენებათ. და შორეულ ქალაქებში იტყვიან: `კარგია რომ სახლში ვართ~. მე შევქმნი ხმას და მექანიზმს, და უწოდებენ მას ღრიალას, და ყველა, ვინც მას გაიგონებს, შეიცნობს მარადისობის სევდას და სიცოცხლის სიმოკლეს~. ღრიალამ დაიღრიალა.
– მე მოვიგონე ეს ისტორია, – ჩუმად თქვა მაკდანმა, რომ ამეხსნა, რატომ მოცურავს ის ყოველ წელს შუქურასთან. ასე მგონია, მის ძახილზე მოდის…
– მაგრამ… – დავიწყე მე.
– ჩშშშ! – გამაწყვეტინა მაკდანმა, შეხედე! და თავი გაშლილი ზღვისკენ გაიქნია. რაღაც მოცურავდა შუქურასკენ. ღამე, როგორც უკვე გითხარით, ცივი იყო, მაღალ კოშკში ციოდა, სინათლე აელვარდებოდა და ქრებოდა და ღრიალაც ღრიალებდა შეუჩერებლად. მისი ღრიალი სერავდა ბოლქვებად მორიალე ნისლებს. ცუდად და ისიც მხოლოდ მცირე მანძილზე თუ დაინახავდი რამეს, მაგრამ ასე იყო თუ ისე აი, ზღვა. ზღვა, ღამეულ მიწაზე მოსრიალე, გლუვი, მშვიდი, ნაცრისფერი ლამის ფერი; აი, ჩვენ ორნი, მარტო მსხდომნი მაღალ კოშკში, იქ კი, შორს, ჯერ პატარა ნაოჭები, შემდეგ კი ტალღა, ბორცვი, დიდი ბუშტულა, ცოტა ქაფი. და უცებ ცივ, წყნარ ზედაპირზე თავი, დიდი, ბნელი თავი, უზარმაზარი თვალებით, და კისერი. შემდეგ კი… არა, ტანი არა, კვლავ კისერი, და კიდევ, და კიდევ! წყლიდან ორმოც ფუტზე აღიმართა ლამაზ, თხელ კისერს გამობმული თავი. და მხოლოდ ამის შემდეგ წყლის სიღრმიდან ამოიზიდა ტანი. გეგონებოდა მარჯნის, მიდიებისა და კიბორჩხალების შავი კუნძულიაო. მოქნილმა კუდმა გაიელვა. ტანის სიგრძე, თავიდან კუდის ბოლომდე, როგორც მგონია, ოთხმოცდაათი. ასი ფუტი უნდა ყოფილიყო. არ მახსოვს, რა ვთქვი, თუმცა რაღაც კი ვთქვი.
– მშვიდად, ძმობილო, მშვიდად, – ჩაიჩურჩულა მაკდანმა.
– ეს შეუძლებელია! – აღმომხდა მე.
– ცდები, ჯონი, ეს ჩვენ ვართ შეუძლებელნი. იგი ისეთივეა, როგორიც ათი მილიონი წლის წინ იყო. ის არ შეცვლილა. ეს ჩვენ და მთელი ეს არემარე შევიცვალეთ, შეუძლებელნი გავხდით. ჩვენ! იქ, შორს, ყინულოვან წყალში ნება-ნება მოცურავდა დიდებულებით აღსავსე ის. დაფლეთილი ნისლი დაფრინავდა წყლის თავზე და წამით მისი ტანის მოხაზულობას შლიდა. ურჩხულის თვალი იჭერდა, აკავებდა და ირეკლავდა ჩვენს მძლავრ სხივს, წითელი-თეთრი, წითელი-თეთრი. გეგონებოდა მაღლა აწეული, მრგვალი დისკო ძველთუძველესი შიფრით ამბავს გადასცემსო. ურჩხული ისეთივე მდუმარე იყო, როგორიც ნისლი, რომელშიც მოცურავდა.
– ეს რაღაც დინოზავრია! – მე ჩავჯექი და მოაჯირს ჩავებღაუჭე.
– ჰო, მათი ჯიშისაა.
– კი მაგრამ, ისინი ხომ გადაშენდნენ!
– არა, უბრალოდ ჯურღმულებში ჩავიდნენ. ძალიან, ძალიან ღრმად, სიღრმეთა სიღრმეში, უფსკრულში. ისე მართლაც რა გამომსახველი სიტყვაა არა, ჯონი _ უფსკრული. მასშია ამა ქვეყნის მთელი სუსხი, მთელი წყვდიადი და მთელი სიღრმე.
– რა უნდა ვქნათ?
– ვქნათ? ჩვენ სამუშაოზე ვართ. წასვლა არ შეიძლება. თანაც, აქ უფრო უსაფრთხოდა ვართ, ვიდრე ნავში. როდის ჩვენ ნაპირამდე მივაღწევთ, მხეცი კი ნაღმოსნის სიგრძისაა და ლამის მასსავით სწრაფად დაცურავს.
– კი მაგრამ მაინცდამაინც აქ რატომ მოდის? მეორე წამსვე მე პასუხი მივიღე. ღრიალამ დაიღრიალა და ურჩხულმა უპასუხა. ამ ყვირილში იყო მილიონობით წელი წყლისა და ნისლისა. მასში იმდენი ტკივილი და მარტოობა იყო, რომ ძრწოლამ ამიტანა. ურჩხული კოშკს უყვიროდა. ღრიალა ღრიალებდა. ურჩხულმა ისევ დაიყვირა. ღრიალამ დაიღრიალა. ურჩხულმა უზარმაზარი, კბილებით სავსე ხახა დააღო და იქიდან ზუსტად ის ხმა ამოუშვა, ღრიალა რომ გამოსცემდა. მარტოხელა, მძლავრი შორი-შორეული. ხმა გამოუსავლობის, განუჭვრეტელი უკუნეთის, ცივი ღამის, განწირულობის. აი როგორი იყო ეს ხმა.
– ჰა, – წაიჩურჩულა მაკდანმა – ახლა მიხვდი, რატომ მოდის იგი აქ? თავი დავუქნიე. მთელი წელი, ჯონი, მთელი წელი, უბედური ურჩხული ჯურღმულში, ნაპირიდან ათასობით კიომეტრში, თორმეტი მილის სიღრმეში წევს და ელოდება. ის შეიძლება მილიონი წლისაა. ეს მარტოხელა მხეცი. შენ უბრალოდ წარმოიდგინე: იცადო მილიონი წელი. შენ შეძლებდი? შეიძლება ის თავისი ჯიშის უკანასკნელი ნაშიერია. რატომღაც მე ასე მგონია. და აი, ხუთი წლის წინ აქ ადამიანები მოვიდნენ და ეს შუქურა ააგეს. თავიანთი ღრიალა დააყენეს და ისიც ღრიალებს, ღრიალებს უფსკრულის თავზე, სადაც, წარმოიდგინე, შენ ჩახვედი, რომ დაგეძინა და დაგსიზმრებოდა სიზმრები იმ სამყაროზე, სადაც ათასობით შენნაირი ბინადრობდა, ახლა კი მარტო ხარ, სულ მარტო სამყაროში, რომელიც შენთვის არაა, რომელშიც უნდა დაიმალო. ღრიალას ხმა კი ხან გეძახის, ხან ჩუმდება, ხან გეძახის, ხან ჩუმდება და შენ გეღვიძება ჯუღმულის შლამიან ფსკერზე, თვალებს ისე აღებ, თითქოს უზარმაზარი ფოტოაპარატის ლინზები იყოს და ამოდიხარ ნელა, ნელა, იმიტომ, რომ შენს მხრებს ოკეანის ტვირთი აწევს. უზარმაზარი სიმძიმე. მაგრამ ღრიალას ძახილი, სუსტი და ასე ნაცნობი, ათას მილს გადის, წყლის სისქეში აღწევს, საცეცხლურები შენს ფაშვში ორთქლით გაწვება და შენ მიცურავ მაღლა, მიცურავ ნელა-ნელა. ვირთევზასა და მერლანის ჯოგებს, მედუზების ურდოებს ნთქავ და მიიწევ მაღლა, სულ მაღლა. მიიწევ მთელი შემოდგომა, თვიდან თვემდე, სექტემბერში, როცა ნისლები იწყება, ოქტომბერში, როცა ნისლი კიდევ უფრო სქელდება და ღრიალა სულ გაიძახის; ნოემბრის ბოლოსაც, იმის შემდეგ, რაც დღითიდღე წნევას ეჩვეოდი, საათში რამდენიმე ფუტით მაღლა იწევ და ზედაპირზე ამოდიხარ. შენ ცოცხალი ხარ. შენდაუნებურად ნელა ამოყვინთავ. ერთბაშად რომ ამოხვიდე, წნევა გაგგლიჯავს. ამიტომ მიგდის სამი თვე იმაზე, რომ ამოცურო და ამდენივე დღის სავალი ცივ წყალში გაშორებს შუქურას. და აი, როგორც იქნა, აქ ხარ, აი იქ, ღამეში, ჯონი, ყველაზე დიდი ურჩხული, რაც კი დედამიწას უნახავს. და აი, შუქურაც, შენ რომ გეძახის. შენნაირი გრძელი კისერი ამოჩრდილა წყლიდან და თითქოს შენნაირივე ტანიც, მაგრამ რაც მთავარია, შენნაირი ხმა. გესმის, ჯონი, ახლა გესმის? ღრიალა აღრიალდა. ურჩხული გამოეპასუხა. მე ყველაფერს ვხედავდი, ყველაფერი მესმოდა: მილიონობით წელი სიმარტოვისა და ლოდინის,როდისღა, როდის დაბრუნდება ის, ვისაც არაფრით არ უნდა დაბრუნება? მარტოობის მილიონობით წელი. ზღვის ფსკერზე, საუკუნეთა ჭკუაზე შემშლელი რიცხვი ჯურღმულში, ცა გაიწმინდა მფრინავი ხვლიკებისგან, მატერიკზე ტბები ამოშრა, ლემურებმა და მახვილკბილა ვეფხვებმა თავიანთი დრო მოჭამეს და ასფალტის გუბეებში ჩაიხრჩვნენ. გარეუბნებში კი ადამიანები თეთრი ხოჭოებივით აფუსფუსდნენ. ღრიალას ღრიალი.
– გასულ წელს, _ ლაპარაკობდა მაკდანი, – ამ არსებამ მთელი წელი ცურვაში გაატარა, წრეს წრეზე არტყამდა, დაუსრულებლად. ახლოს არ მოდიოდა. საგონებელში იყო ალბათ. შეიძლება ეშინოდა. და წყინდა: ხუმრობა ხომ არ არის, ამდენი გაცურო! დილით კი მოულოდნელად ნისლი გაიფანტა და კაშკაშა მზე გამოვიდა. ცა ისეთი ლურჯი იყო, ნახატი გეგონებოდა. და ურჩხული გაშორდა აქაურობას, სითბოს და სიჩუმეს. გაცურა და აღარ დაბრუნებულა. ასე მგონია, მთელი ეს წელი სულ ფიქრობდა, ფიქრობდა საწყალი… ურჩხული ჩვენგან სულ რაღაც ასი იარდის სიშორეზე იყო. ის ყვიროდა. ყვიროდა ღრიალაც. როცა სხივი მხეცის თვალს ეხებოდა, გამოდიოდა: ცეცხლი. ყინული, ცეცხლი, ყინული. აი, რა არის ცხოვრება, – თქვა მაკდანმა, _ მუდამ ერთი და იგივეა. ერთი მეორეს ელის, ის კი არადა არ ჩანს. ვიღაცას ყოველთვის უფრო მეტად უყვარს, ვიდრე ის უყვართ. და დგება წამი, როცა გინდა მოსპო ის, რაც გიყვარს. რომ მეტად აღარ დაგტანჯოს. ურჩხული შუქურაზე წამოვიდა. ღრიალა ღრიალებდა.
– ვნახოთ, რა იქნება ახლა, – თქვა მაკდანმა. და ღრიალა გამორთო. სიჩუმე ჩამოდგა. ისეთი ღრმა. რომ შუშის გალიაში გვესმოდა, როგორ გვიცემდა გულები, გვესმოდა ნათურის ნელი, სრიალა ბრუნვა. ურჩხული გაჩერდა, გაშტერდა. ვეება, პროჟექტორივით თვალები დაახამხამა. ხახა დააღო და გეგონებოდა ვულკანიაო, ბუზღუნი ამოუშვა. თავი ჯერ ერთ, მერე მეორე მხარეს მიატრიალა, თითქოს ნისლში გამქრას ხმას ეძებსო. შუქურას შეხედა. ისევ აბუზღუნდა. უცებ გუგები აუბრიალდა, აიყალყა, წყალი აადგაფუნა და კოშკს დაეძგერა. უზარმაზარ თვალებში გააფთრება და ტანჯვა აღბეჭდოდა.
– მაკდან! _ წამოვიყვირე მე, – ჩართე ღრიალა! მაკდანი ჩამრთველს სწვდა. ზუსტად იმ წამს, როცა მან ის ჩართო, ურჩხული კვლავ ყალყზე შედგა. მძლავრმა თათებმა გაიელვა და თითისმაგვარ გამონაზარდებს შორის, რომლებითაც კოშკს ჩხაპნიდა, თევზის ქერცლივით ბრჭყვიალა ბადე გამოუჩნდა. ტანჯვისგან მოღრეცილი სიფათის მარჯვენა ნაწილში ვეება თვალი ჩემს წინ აელვარდა, როგორც ქვაბი, რომელშიც შეიძლება ყვირილით ჩავარდე და სული არ დაგხვდეს. კოშკი შეზანზარდა. ღრიალა ღრიალებდა. ღრიალებდა ურჩხულიც. კოშკს შემოეხვია და კბილები შუშას ჭრიალით დაუსვა. თავზე ნამსხვრევები დაგვაცვივდა. მაკდანმა ხელში ჩამავლო.
– ქვემოთ! ცოცხლად! კოშკი შექანდა. ღრიალა და ურჩხული ხაოდნენ. ჩვენ თავპირისმტვრევით დავგორდით კიბეზე.
– ცოცხლად!
მოვასწარით. კიბის ქვეშ, სარდაფში ჩავყვინთეთ. იმავე წამს ჩვენს თავზე კოშკის ჩამოქცევა დაიწყო. ღრიალა ჩაკვდა. ურჩხული კოშკს დაემხო. კოშკი დაიფშვნა. ჩვენ უსიტყვოდ ვიდექით, მაკდანი და მე, და ვუსმენდით, როგორ ინგრეოდა ჩვენი სამყარო. მორჩა. მხოლოდ სიბნელე და ტალღების დგაფუნი. და კიდევ…
– უსმინე, – ჩუმად წარმოსთქვა მაკდანმა, – უსმინე. გავიდა წამი, და მე გავიგონე. თავდაპირველად ჩასუნთქული ჰაერის გუგუნი, შემდეგ ჩივილი, დაბნეულობა, მარტოობა ვეებერთელა ცხოველის, რომელიც ჰაერს თავისი სხეულის სუნით ავსებდა, ჩვენს თავზე უღონოდ ეგდო და რომელსაც მხოლოდ აგურის ფენა გვაშორებდა. ურჩხული გაჰყვიროდა, სული ეხუთებოდა. კოშკი გაქრა. სინათლე გაქრა. ხმა, მილიონი წლის შემდეგ რომ ეძახდა, გაქრა. ურჩხულს ხახა დაეღო და ბღაოდა, ბღაოდა ღრიალას მძლავრი ხმით. და გემებს, იმ ღამით რომ ჩაიარეს, თუმცა ვერ ხედავდნენ ვერც სინათლეს და ვერც ვერაფერს, სამაგიეროდ ესმოდათ ხმა და ფიქრობდნენ: `აჰა, აი ისიც, ღრიალას მარტოხელა ხმა ლოუნსომ-ბეიში! ყველაფერი რიგზეა. კონცხი გავიარეთ~. ასე გაგრძელდა დილამდე. ცხელი, ყვითელი მზე უკვე დასავლეთისკენ იხრებოდა, როცა მაშველთა რაზმმა სარდაფის თავზე ქვების გროვა გადაყარა.
– დაინგრა და მორჩა, _ კუშტად თქვა მაკდანმა, ტალღებმა გაცვითა, ხოდა დაიშალა. ხელზე მიბწკინა. არავითარი კვალი. მშვიდი ზღვა, ლურჯი ცა. მხოლოდ წყალმცენარეთა მკვეთრი სუნი, კოშკის ნანგრევებსა და სანაპიროს კედლებზე შერჩენილ მწვანე ლაფს რომ ასდიოდა. ოკეანე დგაფუნობდა. მომდევნო წელს ახალი შუქურა დადგეს, მაგრამ ამ დროისთვის მე სამუშაოზე ქალაქში მოვეწყე და ცოლი შევირთე. პატარა, მყუდრო და თბილი სახლი მქონდა, რომლის ფანჯრებიც, შემოდგომის საღამოობით, როცა კარი დაკეტილია, ოქროსფრად იფერება, საკვამურიდან კი კვამლი მიიკლაკნება. მაკდანი ახალი შუქურას ზედამხედველი გახდა, რომელიც მისი მითითებით, რკინა-ბეტონით ააგეს. ყოველი შემთხვევისთვის, – ამიხსნა მან. ახალი შუქურა მზად ნოემბერში იყო. ერთხელ, გვიან საღამოს, სანაპიროზე მარტო წავედი. მანქანა გავაჩერე და უფერულ ტალღებს დავაცქერდი. ახალი ღრიალას ხმას ვუსმენდი: ერთი… ორი… სამი… ოთხჯერ წუთში. შორს ზღვაში, მარტოდმარტო. ურჩხული? აღარ დაბრუნებულა.

– წავიდა, _ თქვა მაკდანმა, – ჯურღმულში ჩავიდა. გაიგო, რომ ამქვეყნად არ შეიძლება მეტისმეტად ძლიერ გიყვარდეს. სიღრმეში ჩავიდა, უფსკრულში, რომ ელოდოს კიდევ მილიონ წელს. საწყალი! სულ ელოდო, ელოდო, ელოდო… ელოდო. მანქანაში ვიჯექი და ყურს ვუგდებდი. ვერც კოშკს ვხედავდი და ვერც სხივს ლოუნსომ-ბეის თავზე. მხოლოდ ვუსმენდი, ღრიალას, ღრიალას, ღრიალას. მეჩვენებოდა, რომ ეს ურჩხული ღრიალებს. რაღაც მინდოდა მეთქვა, მაგრამ რა?

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s